ალექსანდრე ჯეჯელავამ გიორგი კვირიკაშვილს განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიული ხედვა გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვას და პრიორიტეტებს გაეცნო, რომელიც მთავრობის წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ წარუდგინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაცია, რომელიც სკოლამდელ აღზრდას, სასკოლო განათლებას, უმაღლესი და პროფესიული სწავლების სტრატეგიული განვითარების გზებს მოიცავდა, სოფელ კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯში „აისი“ გაიმართა.
დასაწყისში განათლების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემის რეფორმირების მნიშვნელობაზე, რაზეც, მისი განმარტებით, სრულად არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით.
ხაზი გაესვა პროფესიული განათლების როლს, რომელიც მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. აღინიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება კონკრეტული დარგის მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები.
დაწყებულია ინტენსიური მუშაობა, რათა პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაიმართა მსჯელობა განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების, მიმდინარე რეფორმის შესახებ.
პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან ერთად, პროფესიული კოლეჯის ინფრასტრუქტურა, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, ღვინის სახლი და სახელოსნოები დაათვალიერა. განათლების მინისტრის განმარტებით, კოლეჯში „აისი“ სწავლება ძირითადად სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით მიმდინარეობს და ამზადებს შემდეგ სპეციალისტებს: ფერმერი, მეღვინე-მევენახე, მეფუტკრე, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი, სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი, ვეტერინალური მომსახურება, ტრაქტორისტ-მემანქანე, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, გიდი, ტუროპერატორი, მზარეული და სხვ. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ეს ის პროფესიებია, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. კოლეჯში ამ ეტაპზე 500-მდე პროფესიული სტუდენტი სწავლობს.
განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვას მინისტრები და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები