ანტონ გერაშენკო: ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის წინააღმდეგი ვართ

უკრაინულმა დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე შვეიცარიული მხარის რეკომენდაცია გააპროტესტა, რომლის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო დუმის 20 დეპუტატს ევროკავშირში ჩასვლაზე მოქმედი აკრძალვა უნდა მოეხსნას.
უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლის ანტონ გერაშენკოს განცხადებით, აღნიშნული ცვლილების რეზოლუციის პროექტში ჩამატება მიუღებელია, რადგან რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა.
მისი განცხადებით, რუსეთის ფედერაცია აგრესორი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის ტერიტორიის ნაწილი დაიპყრო და ეს ყოვლად ცნობილი აღიარებული ფაქტია.
„აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვა ცივილიზებულმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ რიგი სანქცია დააწესეს. მათ შორის, ევროკავშირმა რუსეთის სახელმწიფო დუმის 20 დეპუტატს ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა აუკრძალა. შვეიცარიის წარმომადგენლის, ბატონი ლომბარდის რეზოლუცია, მისი მიღების შემთხვევაში, სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს იქნება პლუსი რუსეთისთვის“, – განაცხადა ანტონ გერაშენკომ.
ანტონ გერაშენკოს თქმით, უკრაინული დელეგაცია მოითხოვს, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის 20 დეპუტატს ევროკავშირში ჩასვლაზე მოქმედი შეზღუდვა გაუხანგრძლივდეს.
„თუ ეუთო-ს სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას სანქციების მოხსნის რეკომენდაციის შესახებ, ეს იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დაცვის პრინციპებზე უარის თქმა. ამიტომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის წინააღმდეგი ვართ. ვფიქრობ, რუსეთს შვეიცარიის კონფედერაციის ტერიტორიის ნაწილი რომ დაეპყრო, რუსი დეპუტატების წინააღმდეგ სანქციების მოხსნის სურვილი არ ექნებოდათ“, – განაცხადა ანტონ გერაშენკომ.
მისი თქმით, ამჟამად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს დსთ-ს საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, რადგან თბილისი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. ლეონიდ სლუცკის ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა აკრძალული აქვს.
აღნიშნული პუნქტის მიღების ინიციატორია შვეიცარიის დელეგაციის წევრი ფილიპო ლომბარდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები