გიგლა აგულაშვილი საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანგარიშზე: ჩვენთვის უცნობია რა წყაროებს ეყრდნობოდა ის

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანგარიშზე, რომლის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა, პირველი კომენტარი გააკეთა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.
როგორც მინისტრმა გადაცემა “პოლიტიკაში“ საუბრისას განაცხადა, მისი უწყებისთის უცნობია რა წყაროებზე დაყრდნობით დაიდო კვლევა.
„ამ კვლევასთან დაკავშირებით დღესაც ბევრი კითხვა გვაქვს, კვლევა საფუძვლად იღებს 2012 წლის მონაცემებს, ჩვენთვის უცნობია რა წყაროებს ეყრდნობოდა ის, ჩვენ მივწერეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და მივიღეთ წერილი ორგანიზაციის ევროპის განყოფილებიდან, რომ მათაც არ იცოდნენ და ისინიც ფიქრობენ, რომ კარგი იქნებოდა თანამშრომლობა ადგილობრივ ოფისთან, სამთავრობო უწყებებთან, სასურველია ჩამოვიდნენ და ადგილზე შეისწავლონ ვითარება, რადგან ისინი არც ინფორმირებულები არ იყვნენ და არც ჩართულები არ იყვნენ ამ ტიპის კვლევაში“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
მისივე თქმით, 2012 წელს საკმაოდ ბევრი კვლევა ჩატარდა და მსგავსი სურათი არ შექმნილა. „დღეს 2016 წელია, 2012 წლის შემდეგ მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში კვლევა 2015 წელს ჩატარდა, გარდა ამისა, ჩატარდა სხვა კვლევებიც, რომლებიც უფრო ახალია, ჩვენ ამ თვალსაზრისით არ ვართ მოწინავე ქვეყანა, მაგრამ არც ვართ ლიდერი უარყოფითი ნიშნით.
საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრი რამე გაკეთდა განსაკუთრებით ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების რეალიზაციის პროცესში“, – აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მიზეზების გამო, მსოფლიო მასშტაბით 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება. ექსპერტების მოსაზრებით, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე 2040 წლისთვის სიკვდილიანობის დონე 1 მილიონით გაიზრდება.
ანგარიშში მოყვანილია ცხრილი, რომლის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები