ავთო გელაძე – თბილისში წიწვოვანი მცენარეები ბუნებრივად არ ხარობს

„მწვანეთა მოძრაობის წევრის“, ექსპერტ ავთო გელაძის განცხადებით, ზოგადი კლიმატური თვალსაზრისით თბილისი ნახევრად უდაბნოს ზონაში მდებარეობს და აქ ბუნებრივად ფოთლოვანი მცენარეები ხარობენ, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქში წიწვოვანი მცენარეებიც ირგვებოდეს, მაგრამ მათ განსაკუთრებული მოვლა და პირობების შექმნა სჭირდებათ.
ავთო გელაძის აზრით, თბილისის მერიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დედაქალაქის შემოგარენში, რამდენიმე ასეული გამხმარი ხე მოჭრეს, თუმცა, მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებამ, რამდენიმე წლით დაიგვიანა და ბუნებრივად გამხმარი ხეები სხვადასხვა დაავადების კერად იქცნენ.
„კასპიის ზღვის აღმოსავლეთით წიწვოვანი მცენარეები საერთოდ აღარ ვრცელდება, აქ გაცილებით ფეხმოკიდებულია ფოთლოვანი სახეობები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თბილისში წიწვოვანი მცენარეები არ შეიძლება ირგვებოდეს. მაგრამ მათ განსაკუთრებული მოვლა და ყველა პირობის შექმნა სჭირდება, რაც აუცილებელია მცენარის გახარებისა და შემდგომი განვითარებისთვის,“- აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, საქართველოში დღეს, აღარ არსებობს შესაბამისი სანერგეები, სადაც მცენარის სახეობა გაცილებით მკაცრ პირობებში გამოიზრდება, რომ შემდეგ მოხერხდეს მისი ადაპტირება მუდმივ სამყოფელ ადგილას, კერძო სანერგეები კი ცდილობენ, მცენარეს საუკეთესო სასათბურე პირობები შეუქმნან.
„მათთვის ხელსაყრელია, უკეთეს პირობებს თუ შეუქმნიან ნერგს, რომ სწრაფად გაიზარდოს. ნერგი სიმაღლის მიხედვით ფასობს და შემოსავალიც მეტია“, – აცხადებს ავთო გელაძე.
იგი სატყეო სფეროში სპეციალისტების დეფიციტზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელია პროფესიონალი, განათლებული მეტყევე. ექსპერტის აზრით, საჭიროა ეს საკითხი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე დადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისში და მთლიანად საქართველოში, ტყეების მოვლაზე საუბარი ზედმეტი იქნება.

წყარო: city.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები