“რუსეთის მიმართ პრაგმატული კურსის მიუხედავად, სერიოზულ საფრთხეებს ვაწყდებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ”

სამწუხაროდ, რუსეთის მიმართ არსებული პრაგმატული კურსის მიუხედავად, სერიოზულ საფრთხეებს ვაწყდებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობა საგანგაშოა განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ადგილზე არ არსებობს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთადერთი ასეთი მექანიზმია, თუმცა, სამწუხაროდ, მას არ ეძლევა საშუალება, სრულად განახორციელოს თავისი მანდატი.

მისი განცხადებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქრთველოში ეუთოს სრულფასოვანი მისიის აღდგენის აუცილებლობა.

„ჩვენი წარმატებული რეფორმების და ამბიციური გეგმების მიუხედავად, ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. დღეს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. 2012 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციასა და ნორმალიზებას. აღდგა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, გვარდება გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს კურსი და დიალოგი რუსეთთან. სამწუხაროდ, რუსეთის მიმართ ამგვარი პრაგმატული კურსის მიუხედავად, სერიოზულ საფრთხეებს ვაწყდებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ხდება ხელოვნური ბარიერების აღმართვა და მიმდინარეობს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია, რაც აშორებს ადამიანებს და უარყოფითად აისახება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივაზე. უკიდურეს შეშფოთებას იწვევს ვითარება, რომელიც შექმნილია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის და ჰუმანიტარული კუთხით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს გამუდმებით აქვთ იმის შიში, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ისევ ხდება უკანონო დაკავებები, შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება, აკრძალულია ქართულ ენაზე განათლების მიღება. მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ადგილზე არ არსებობს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთადერთი ასეთი მექანიზმია, თუმცა, სამწუხაროდ, მას არ ეძლევა საშუალება, სრულად განახორციელოს თავისი მანდატი, ვინაიდან მოკლებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობას. ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქრთველოში ეუთოს სრულფასოვანი მისიის აღდგენის აუცილებლობა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები