პრემიერმა ეუთოს წევრებს, რომელთა შორის რუსებიც არიან, ოთხოზორიას მკვლელობა შეახსენა

საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას, რომელსაც რუსეთის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი გაახსენა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული ინციდენტი სერიოზულ რისკებს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონსა და ევროპის უსაფრთხოებას. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მზადყოფნა გამოთქვა.

„ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებს და ჰუმანიტარული მდგომარეობის სიმძიმეს, კიდევ უფრო ადასტურებს ახლახან სოფელ ხურჩაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებული ქართველი მოქალაქის გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობა. აღნიშნული ინციდენტი სერიოზულ რისკებს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს, ევროპის უსაფრთხოებას. ეს გამოწვევები და რისკები ახალი ხედვის შემუშავებისა და ერთობლივი ქმედებების აუცილებლობას გვკარნახობს. ჩვენ ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მთელი ჩვენი ძალისხმევა კვლავ იქნება მიმართული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ ქართულ-აფხაზური და ოსური საზოგადოებების კონსოლიდაციისკენ. ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას ის სარგებელი და ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელსაც გთავაზობთ ჩვენი ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე. საქართველომ აიღო ძალის არგამოყენების ცალმხრივი ვალდებულება. დღემდე ველით საპასუხო ნაბიჯს რუსეთის მხრიდან. რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთულესი პრობლემების მოგვარების მთავარ ფორმატს. იმის მიუხედავად, რომ ამ ფორმატის არსებობის მანძილზე მის ფარგლებში განხილულ ძირითად საკითხებში პროგრესი არ დაფიქსირებულა, წელს ჩვენ მაინც მივაღწიეთ გარკვეულ შედეგს, რაც გამოიხატა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების აღდგენაში“,-განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები