გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკური ალიანსისკენ არ არის მიმართული არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ და საფრთხედ არ უნდა აღიქმებოდეს
ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკური ალიანსისკენ არ არის მიმართული არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც საფრთხე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგან სწორედ ეს არის ქვეყანაში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა, რაც საქართველოს რეგიონში ლიდერად აქცევს.
„დღეს, 1-ელ ივლისს, ძალაში შედის ასოცირების ხელშეკრულება, რის წყალობითაც დგება თვისებრივად ახალი ეპოქა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგანაც ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა, რაც საქართველოს ხდის რეგიონში ლიდერად.
ევროპული და ევროატლანტიკური ინეგრაცია გვაძლევს სტიმულს მივაღწიოთ ქვეყნის მოდერნიზაციას და შეუქცევადი გავხადოთ დემოკრატიული განვითარების პროცესი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკური ალიანსისკენ არ არის მიმართული არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ და საფრთხედ არ უნდა აღიქმებოდეს “,-აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება ვიზალიბერალიზაციის პროცესზეც გაამახვილა და იმედი გამოტქვა, რომ ეს პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება. მთავრობის მეტაურის შეფასებით, უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება.
„მინდა გითხრათ, რომ ვიზალიბერალიზაცია ამ ეტაპზე ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მოლოდინები საქართველოში ძალიან დიდია. უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული ჩვენი ზოგჯერ მტკივნეული ევროპული ტრანსფორმაციის გზაზე. ერთი მხრივ, მოსახლეობა დაინახავს, რომ ევროპულ არჩევანს ხელშესახები სარგებელი მოაქვს, მეორე მხრივ კი, დაუყოვნებელი კავშირები ჩვენს საზოგადოებებს შორის დიდ წვლილს შეიტანს ევროპული ღირებულებებისა და იდეების გაზიარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ, გამოვთქვამთ იმედს, რომ სავიზო რეჟიმის ვიზალიბერალიზაციის პროცესი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება“,-დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.