გია ვოლსკი: როკის მიმართულებით მოძრაობის გახსნის საფუძველს ჯერჯერობით ვერ ვხედავ

როკის მიმართულებით მოძრაობის გახსნის გადაწყვეტილების წინაპირობებსა და საფუძველს ჯერჯერობით ვერ ვხედავ, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის, გაგიკ ბეგლარიანის განცხადებას.
როგორც ვოლსკიმ განმარტა, როკის მიმართულებით მოძრაობის გახსნა სერიოზულად არის დაკავშირებული არა მარტო ეკონომიკურ, არამედ რთულ პოლიტიკურ თემასთან.
„არავინ უარყოფს, რომ გზების გახსნა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისათვის, მაგრამ როკის მიმართულებით ასეთი მოძრაობის გახსნა სერიოზულად არის დაკავშირებული არა მარტო ეკონომიკურ თემასთან, არამედ ძალიან მსუყე, დიდ და რთულ პოლიტიკურ თემასთან. ასე რომ, სომხეთის სულისკვეთება მესმის, მაგრამ მისი გადაწყვეტის წინაპირობებსა და საფუძველს ჯერჯერობით ვერ ვხედავ“, – აცხადებს გია ვოლსკი.
სომხეთის ხელისუფლება ცდილობს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთში გზა გახსნას. ამის შესახებ გამოცემა „ვესტნიკ კავკაზას“ სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა განუცხადა. მისივე თქმით, ივლისში ყაზბეგის რაიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რუსეთთან დამაკავშირებელი გზა კვლავ ჩაიკეტა და სომხეთი ამის გამო კოლაფსში აღმოჩნდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ქართველ და რუს კოლეგებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორც გაგიკ ბეგლარიანმა განაცხადა, „ამ საკითხში სომხეთზე ცოტა რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ქართულ და რუსულ მხარეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, რომ ეს მიმართულება დროებით მაინც გაიხსნას“. მინისტრი ვარაუდობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით გზის გახსნის ალბათობა 50 -50-ზე შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები