“თბილსერვისის“ დირექტორის მოადგილე მამუკა ჩოქური თანამდებობას ტოვებს და ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო კამპანიას უერთდება

სამგორის ყოფილი გამგებელი, „თბილსერვისის“ დირექტორის მოადგილე მამუკა ჩოქური დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის მხარდასაჭერად მიიღო.
ჩოქური შიხიაშვილის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.
„აღარ ვაპირებ „თბილსერვისში“ მუშაობის გაგრძელებას, რადგან გადავდივარ ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სახელმწიფო სამსახური და წინასაარჩევნო კამპანია ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ დავტოვო ჩემი თანამდებობა და მთლიანად, წინასაარჩევნო პერიოდში, ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო შტაბს ვუხელმძღვანელო.
მოგეხსენებათ, ირაკლი შიხიაშვილი კენჭს იყრის სამგორის რაიონის მე-12 საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად. თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ამას რამდენიმე სიტყვით განვმარტავ:
პირველ რიგში, არავისთვის ახალი არ არის, რომ მე და ირაკლი შიხიაშვილი დიდი ხნის მეგობრები ვართ, თუმცა ეს მეგობრობაზე გაცილებით მეტია. დაწყებული „ეროვნული მოძრაობიდან“, ირაკლისთან ერთად, ძალიან დიდი გზა გავიარე, ერთად ვიყავით როგორც მაშინ, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლის დროსაც. დღემდე მასთან ერთად მოვდივარ. თუ ქვეყნისთვის რამეს ვაკეთებ, ერთად ვაკეთებთ. ერთი რამეს მინდა ხაზი გავუსვა. ვთვლი, რომ ირაკლი შიხიაშვილი ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატი იქნება სამგორის რაიონის მოსახლეობისთვის“,-განაცხადა ჩოქურმა.
მისივე განცხადებით, შიხიაშვილმა პროფესიული საქმიანობის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოებრივი სულისკვეთებით მოქმედებს. ჩოქურმა ხაზი გაუსვა შიხიაშვილის წარმატებულ საქმიანობას საკრებულოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე და განაცხადა, რომ თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებაში მას ლომის წვლილი მიუძღოდა.
„მე და ირაკლი ერთად ვიბრძოდით, ჩემი თვალით ვნახე, როგორი თავდადება შეუძლია მას. რაც შეეხება სახელმწიფო მოღვაწეობას, ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით დამარცხდა არჩევნებში, მაგრამ ეს ძალა თბილისში მყარად იყო გამაგრებული, სწორედ ირაკლი შიხიაშვილმა, საკრებულოში მოსვლის შემდეგ, დაასრულა თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნული მმართველობა.
შეიძლება ამისთვის არც გამესვა ხაზი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის ძალა, რომელიც მმართველობის პერიოდში ნამდვილად ნეგატიური იყო და ნეგატიურობით გამოირჩევა ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს, ქვეყნის მიმართ.
დღესაც სამგორის რაიონში საკმაოდ სერიოზულად ფიქრობენ ბრძოლის გაგრძელებაზე. ჩვენი სურვილია, რომ როგორც დღეს ხშირად მოიხსენიებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ წამყვან ოპოზიციურ ძალად, ამ არჩევნების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ, აღარ იყოს. ჩვენი მხრიდან ვეცდებით, და ამას აუცილებლად მოვახერხებთ კიდეც სამგორის რაიონში. იმედი მაქვს, სხვა რაიონებშიც, სადაც არიან ჯანსაღი ძალები, აუცილებლად იგივეს მოიმოქმედებენ“, – განაცხადა ჩოქურმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
ჩოქურმა იმ პერიოდზეც ისაუბრა, როდესაც შიხიაშვილი ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს ხელმძღვანელობდა და ხაზი გაუსვა, რომ შიხიაშვილი ამ პოსტზეც წარმატებული იყო.
„საქართველოს მასშტაბით ბევრმა არც კი იცოდა, რას ნიშნავდა ვეტერანთა სამსახური. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მან ვეტერანებისთვის, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები იყო გამოყოფილი, გასამმაგებული დატოვა. რომ არა წარდგენილი მნიშვნელოვანი პროექტები, ბიუჯეტს მთავრობა არ გაზრდიდა. ამ ადამიანს ნამდვილად აქვს იმის უნარი, რომ მართოს და მოსახლეობის ხმა ყურად იღოს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ როდესაც მაჟორიტარი კანდიდატი დგება რაიონში, მაგალითად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ადგილობრივი. შიხიაშვილი კი, მოგეხსენებათ, რომ სამგორის რაიონის მცხოვრებია.
არავის შევეხები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ, მაჟორიტარები მოსახლეობასთან შეხვედრას ამთავრებენ. შიხიაშვილის შემთხვევაში ასე არ იქნება, რადგანაც ის არის სამგორელების მეზობელიც, თანაკლასელიც, მოსწავლეც, მეგობარიც. სამგორის რაიონის მოსახლეობას არ ექნება მისი პოვნის პრობლემა“,- განაცხადა ჩოქურმა.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ჩოქურმა ასევე განმარტა, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ, „თბილსერვის ჯგუფი“ ინფორმირებული იყო. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა „თბილსერვისის“დირექტორთან და არ სურდა, რომ ეს საკითხი სპეკულაციის საგნად ქცეულიყო.
„განცხადების დაწერა მე არ მჭირდება, რადგანაც „თბილსერვის ჯგუფში“ 30 ივნისის ჩათვლით ვითვლებოდი, შემდგომ უნდა გამეგრძელებინა, თუმცა ხელშეკრულებას დამსაქმებელთან აღარ ვაგრძელებ. ჩემი ეს განცხადება კი იმას ემსახურება, რომ ჩემი სამსახურიდან წამოსვლა ჭორების მიზეზი არ გახდეს “, – განაცხადა ჩოქურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები