კახა კახიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის მრავალწლიანი ურთიერთობები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო სამეზობლო პოლიტიკის საკითხებსა და როგორც საქართველოში, ასევე, სომხეთში ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებს, როგორც მმართველობის სფეროში, ასევე, კონკრეტული დარგების მიხედვით.
კახა კახიშვილმა ჰოვიკ აბრაჰამიანს საქართველოში სასჯელაღსრულების პოლიტიკა, განხორციელებული რეფორმები და პატიმართა მიმართ სახელმწიფოს ზრუნვის სტრატეგია გააცნო. მინისტრის თქმით, საქართველოში ახალი ხელისუფლების პირობებეში, ამ კუთხით მიდგომა მთლიანად შეიცვალა და სახელმწიფოს პრიორიტეტი  სასჯელის აღსრულების პროცესში, არა მსჯავრდებულთა მიმართ სადამსჯელო პოლიტიკა, არამედ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია გახდა, რაც განმეორებითი დანაშაულის პრევენციას და მსჯავრდებულის საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნებას უწყობს ხელს. მან სომხეთის პრემიერთან პენიტენციისა და პრობაციის სფეროების მიმართულებით, საჭიროების შემთხვევაში, ქართული გამოცდილების გაზიარების კუთხით მზადყოფნა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
კახა კახიშვილი, რომელიც ერევანში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად იმყოფება, სომხეთის იუსტიციის მინისტრს არპინე ოვანისიანს და იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელს არტურ ოსიკიანსაც შეხვდა. მინისტრმა მათ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სომხეთის მხარე პრობაციის სისტემის, ასევე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურითა და მუშაობით დაინტერესდა, ვინაიდან სომხეთში პენიტენციური ჯანდაცვის პერსონალი უშუალოდ პენიტენციურ დეპარტამენტს ექვემდებარება, ამავე დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია პრობაციის სფეროც. გარდა ამისა, მათ გამოცდილების გაზიარების სურვილი დააფიქსირეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.
საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში არსებული ვითარების ადგილზე შესწავლის და გაცნობის მიზნით, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა სომხეთის იუსტიციის მინისტრი და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები