პრემიერი აჭარაში სტიქიის აღმოფხვრის სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი აჭარაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, ინტენსიური წვიმების შედეგად დაზარალდა ქედა და შუახევი.
„ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქედის მუნიციპალიტეტში, მერესის ხეობაში, სამი ხიდი მთლიანად წაღებულია, ორს ბურჯები აქვს გამოცლილი. ჩავთვალოთ, რომ ხუთი ხიდი არის თავიდან გასაკეთებელი. ხიდების აღდგენას დრო დაჭირდება. უფრო ცუდი მდგომარეობაა შუახევში, იქ ოთხი ხიდია წაღებული და ოთხი სოფელია მოწყვეტილი გარესამყაროს.
დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მაღალი გავლადობის მანქანებისთვის შემოვლითი გზა არის. ამ ოთხი ხიდიდან ერთია მნიშვნელოვანი, რომელიც აღგვადგენინებს სრულყოფილ კავშირს მოსახლეობასთან, სამუშაოები უკვე დაწყებულია, აჭარა თავისი ძალებით აკეთებს, ჩვენ საინჟინრო დახმარებას ვუწევთ. ასევე მათ სჭირდებათ რკინიგზიდან ვაგონების ძარები ხიდისთვის”,-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.
პრემიერ–მინისტრმა ეკონომიკის მინისტრს დაავალა, აჭარის რეგიონს ამ მხრივ დახმარება გაუწიოს.
„კარგია, რომ ადამიანური მსხვერპლი არ გვაქვს, ეს არის ყველაზე მთავარი. თუ კომუნიკაციაა საჭირო ან პროდუქტის, წყლის მისაწოდებლად, ყველა ამ მიმართულებით ჩავერთოთ, გავიაროთ ეს საკითხები. მინდა, ფინანსთა სამინისტროდან გიორგი თაბუაშვილს ვთხოვო, რომ დამატებითი რესურსი, რაც იქნება საჭირო, მოვიძიოთ, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ ეს შედეგები. რაც ვნახე კადრები, კატასტროფული მდგომარეობაა”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.