ირაკლი სესიაშვილი: სუს-მა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში ტერორიზმის რისკები მაქსიმალურად შემცირებული იყოს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა საქართველოში ტერორიზმის საფრთხეებზე ისაუბრა და ამ მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.
სესიაშვილის განცხადებით, რამდენად შესაძლებელია საქართველოც გახდეს ტერორიზმის სამიზნე, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
როგორც ტელეკომპანია „tv პირველის“ ეთერში სტუმრობისას დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლებამ და სუს-მა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს რისკები მაქსიმალურად შემცირებული იყოს.
„წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უშიშროების სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს რისკები მაქსიმალურად იყოს შემცირებული. რაც მთავარია, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან -აშშ-სთან, ისრაელთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან, ხდება ინფორმაციის გაცვლა, ასევე ვეცნობით თანამედროვე მეთოდოლოგიებს, რაც მომდინარეობს ტერორიზმის რისკებიდან. შეიძლება ითქვს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საერთო სისტემაში ვართ მოქცეულნი. ტერორისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს შესაძლებლობები, რომ დაცული იყოს ასეთი რისკებისგან და მარტივად მოწყვლადი ქვეყანა არ არის. ქვეყნის შიგნით ჩვენი ხელისუფლება უშიშროების სამსახურები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ადგილი არ ჰქონდეს რაიმე ტიპის სიტუაციის გამწვავებას რელიგიურ, ეთნიკურ, თუ სხვა დონეზე. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ტერორიზმის გარკვეული კერები არ გაჩნდეს.
როგორც კი ტერორისტები ხედავენ, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია ასეთი ქსელები გაძლიერდეს და გაფართოვდეს, შესაძლებელი იყოს ფულის შემოტანა, ხალხის გადაბირება და ა.შ. ეს ყველაფერი მეტასტაზებით ედება ქვეყანას და ამ შემთხვევაში რისკები იზრდება“,-განაცხადა სესიაშვილმა.
უმრავლესობის წევრი სუს-ის ყველაზე დიდ წარმატებად სირიაში ქართველ მებრძოლთა ნაკადის შემცირებას ასახალებს.
„პანკისიდან სირიაში საბრძოლველად წასული ახალგაზრდების რაოდენობა რამდენიმე ათეულია. საუბარია სულ 20-30 ადამიანზე. ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ ციფრები ხელოვნურად არ გაზარდონ. მითუმეტეს, რომ ჩვენმა უშიშროების სამსახურებმა ძალიან ბევრი გააკეთეს იმისათვის, რომ შემდგომი ნაკადები შეწყვეტილიყო საქართველოდან სირიის მიმართულებით. მართლაც, ძალიან ბევრი იმუშავეს. მე უშუალოდ ვადევნებდი თვალ-ყურს ამ პროცესს და დაინტერესებული ვიყავი, რომ მაქსიმალურად გვერდში დავმდგარიყავით ყველა ამ საქმეში. მე მგონი, კარგი შედეგია, რადგან ბოლო პერიოდში ჩვენ არ გვსმენია, რომ ვინმე საქართველოდან გადასულიყოს სირიაში და „ისლამისტური სახელმწიფოს რიგებში ჩამდგარიყოს“,- აღნიშნა სესიაშვილმა.