შს მინისტრი ხვალ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ხვალ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება – და სტუდენტების კითხვებს უპასუხებს. როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის შეხვედრა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გაიმართება. ალექსანდრე ჭიკაიძე, სტუდენტებს ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარების წინააღმდე კამპანიას გააცნობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. მისი მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის სლოგანია “ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება”. კამპანიის ფარგლებში გადაღებულ საინფორმაციო ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები მოქალაქეებს მიაწოდებენ ინფორმაციას, თუ რა შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. საინფორმაციო რგოლები ტელე და რადიოეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა “112”-მა ასევე მოამზადა საინფორმაციო რგოლი, რომლის მეშვეობით საზოგადოება იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყობს, რაც ე.წ. “ბიოს” მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე მიიღებს ინფორმაციას. კამპანიის ფარგლებში, სამინისტრომ ასევე გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტებისთვის საუკეთესო ნამუშევარზე – “არა ბიონარკოტიკს”.
სპეციალური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს რამდენიმე ნომინაციაში: საუკეთესო ტელესიუჟეტი; ტელეგადაცემა; რადიოსიუჟეტი; რადიოგადაცემა; სტატიის ავტორი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თავიანთი ნამუშევრები კამპანიის “ფეისბუქის” გვერდზე 1 თვის განმავლობაში უნდა ატვირთონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები