საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტი უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს
საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტი უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაცვის პოლიციის მიერ მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით მუშაობის დადგენილი რეჟიმი გუშინ ღამე ამოქმედდა.
დაცვის პოლიციის მიერ დაცულია მგზავრთა მოსაცდელი დარბაზი, გასასვლელები, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლები და სრული პერიმეტრი. საავიაციო უშიშროების სამმართველოს 100-მდე თანამშრომელი დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მგზავრთა, პერსონალის და ავიალაინერების ეკიპაჟების უსაფრთხოებას იცავს აეროპორტების ტერიტორიაზე შესვლიდან ბორტის აფრენამდე.
საპოლიციო ძალის გარდა უსაფრთხოების მონიტორინგი თანამედროვე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემებით ხდება. დაცვის პოლიციასთან ერთად, გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებიც. შსს-ს საპატრულო პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აკონტროლებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში.
საკონტროლო-გამტარი პუნქტების მუშაობა აეროპორტებში, სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე არსებული ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების სრული და ეფექტური გამოყენებით მიმდინარეობს. საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია. დაცვის პოლიციის თანამშრომლები რისკების შეფასების და კრიზისულ სიტუაციებში კოორდინირებული მუშაობის მზადყოფნის მიზნით მუდმივად მონაწილეობს სიმულაციურ სწავლებებში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფის მონაწილეობით ყველა სტრატეგიულ ობიექტზე რისკების გათვალისწინებით უსაფრთხოების ზომებს სისტემატურად ატარებს.