გიორგი ალიბეგაშვილმა საქართველოში თურქეთის ელჩს სამძიმრის წერილი გაუგზავნა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალში განხორციელებული ტერაქტის გამო თურქ ხალხს, ასევე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სამძიმარი გამოუცხადა.
„ნება მიბოძეთ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით გულწრფელად მივუსამძიმრო თურქ ხალხსა და თურქეთის ხელისუფლებას სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი საშინელი ტერაქტის გამო. მინდა თანადგომა გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს და ამ მძიმე წუთებში სიმტკიცე ვუსურვო. ქართველი ხალხი თანაზიარია თქვენი მწუხარებისა და გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. გვიგულეთ თქვენ გვერდით,“ – ნათქვამია გიორგი ალიბეგაშვილის მიერ საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს სახელზე გაგზავნილ სამძიმრის წერილში.