თამარ კორძაია ჯარში სავალდებულო გაწვევის სისტემის გაუქმებაზე – თავდაცვის მინისტრი მისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, თამარ კორძაია თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ სავალდებულო გაწვევის სისტემის გაუქმების გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხიდაშელი მისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა.
„შეგახსენებთ გენერალური შტაბის უფროსის, ბატონი კაპანაძის სიტყვებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მან პროფესიონალურად განმარტა ის მიზეზი, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. საქართველოს მიღებული აქვს სამხედრო აღმშენებლობის სტრატეგია, სადაც აღებული აქვს ვალდებულება, რომ 2016 წლისთვის საქართველოს ჯარი უნდა გადავიდეს პროფესიულ სტანდარტებზე.
შესაბამისად, 2016 წელი იწურება და, ვფიქრობ, რომ თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა იყო ის, რომ გარკვეული ვალდებულებები შეესრულებინა. თავდაცვის მინისტრიც თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა. მე არ ვიხელმძღვანელებ პოლიტიკური თანამდებობს პირის მიერ გაკეთებული კომენტარით, არამედ ვიხელმძღვანელებ თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის განცხადების სულისკვეთებით. გარდა ამისა, გენშტაბის უფროსმა დაადასტურა, რომ წვევამდელების შენახვა სახელმწიფოს გაცილებით უფრო ძვირი უჯდება და მათი საქმიანობის ეფექტიანობა გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე პროფესიული ჯარის შემთხვევაში. ვფიქრობ, არგუმენტები ძალზე სერიოზულია და გადაწყვეტილება საკმაოდ გონივრული იყო“, – განაცხადა თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები