კრისტა მარკვალდერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

5-6 სექტემბერს, შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე კრისტა მარკვალდერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრისა და შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის შეხვედრისას აღინიშნა.
გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, კრისტა მარკვალდერმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობას და ამ კონტექსტში, ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინის ექსპორტს.
პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია კომერციული ატაშეს ინსტიტუტის შექმნის შესახებ, რაც, ექსპორტისა და ვაჭრობის წახალისების მიზნით, საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სავაჭრო წარმომადგენლის განთავსებას გულისხმობს. ამასთან, მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველო-ევროკავშირის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მედიატორის ფუნქციის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები