“თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის შეჩერების თაობაზე საბოლოო არ არის”
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე თავდაცვის მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის შეჩერების თაობაზე საბოლოო არ არის.
როგორც მანანა კობახიძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია პროცესში პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს ჩართვაც.
მისივე თქმით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა მხოლოდ თავდაცვის უწყებას არ ეხება და ის კავშირშია სხვა სამინისტროებთან.
“შესაძლებელია, თავდაცვის უწყებას კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, თუმცა სამხედრო სავალდებულო სამსახური ეხება არა მხოლოდ თავდაცვის უწყების სისტემას, არამედ აქ არის ჩართული სასჯელაღსრულების სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაცვის სპეციალური სამსახური, დაცვის პოლიცია. გამომდინარე აქედან, საჭიროა მთავრობის ჩართვა, სხვა შესაბამისი სამინისტროების ჩართვა და პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლისა და უშიშროების საბჭოს ჩართვა. გადაწყვეტილება უფრო ფართოდ უნდა იყოს მიღებული და არა ერთი მინისტრის დონეზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.
როგორც ხიდაშელმა განმარტა, ბრძანების შესაბამისად, დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო გაწვევას არ განახორციელებს.
”მე დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარებას, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეირაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო. დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვნას, წვევამდელების გაწვევაზე. ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეიარაღებულ ძალებს”, – განაცხადა ხიდაშელმა.
როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს.
თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა ხიდაშელის ბრძანება მათ არ ეხებათ.