ჟურნალისტური გამოძიება – „ნაციონალი“ ექსდეპუტატების – ცეზარ ჩოჩელისა და დემურ გადელიას ჩინური ოცნება სენაკში!
ცეზარ ჩოჩელი: „მე ამ ქვეყნის მტერი არ ვარ, თუ დაიდება დასკვნა, რომ ეს ღუპავს ჩვენს ქვეყანას ან ეკოლოგიას აზიანებს, კი ბატონო, გავითვალისწინებ!“
ექსკლუზიური ინტერვიუ „ჰუალინგ ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ქსინფუ ვანგსა და ცეზარ ჩოჩელთან
25 ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში, ცემენტის ქარხნის პრეზენტაცია გაიმართა. «ვერსიის» საგამოძიებო ბიურო, ჟურნალისტური მოკვლევის ფარგლებში, «ჰუალინგ ჯგუფს» დაუკავშირდა, რომელიც პროექტში, კომპანია «აზია აფრიკის მენეჯმენტის» საშუალებით, 100-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და შეეცადა, პასუხი ყველა იმ კითხვაზე მიეღო, რომელიც ამ ეტაპზე სენაკელებს აწუხებს. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში, იქ, სადაც «ქართული სამშენებლო მასალების კომპანიამ» კირქვა უნდა მოიპოვოს, კულტურული მემკვიდრეობის სამი ძეგლი მდებარეობს. ადგილობრივები შიშობენ, რომ კირქვის მოპოვება და ცემენტის ქარხნის მშენებლობა ამ ძეგლებს საფრთხეს შეუქმნის. მეტიც, ადგილობრივების ინფორმაციით, «ჰუალინგ ჯგუფი» სენაკში ჩინური ქალაქის გაშენებასა და ამ მიზნით, ჩინელების ჩამოსახლებასაც გეგმავს. სენაკელები ეჭვობენ, რომ «ჰუალინგი», ადგილობრივების ნაცვლად, საბადოსა და ქარხანაშიც ჩინელებს დაასაქმებს. «ვერსიას» «ჰუალინგ ჯგუფის» გენერალური დირექტორის მოადგილე, საქმის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი ქსინფუ ვანგ ექსკლუზიურად ესაუბრება.
– «აზია-აფრიკის მენეჯმენტის კომპანია» ერთი საძიებო სისტემითაც არ იძებნება და ვერც ამ კომპანიის ვებგვერდს მივაგენი. რას წარმოადგენს «აზია-აფრიკის მენეჯმენტის კომპანია», უცხო ქვეყნებში ოპერირების რა გამოცდილება და კონკრეტულად, რა პროექტები აქვს განხორციელებული?
– ამ პროექტს სამი ინვესტორი ჰყავს. ყველაზე დიდი მეწილე «აზია-აფრიკის მენეჯმენტის კომპანიაა», რიგით მეორე, დიდი ინვესტორები ჩვენ – «ჰუალინგ ჯგუფი» ვართ, მესამე ინვესტორ კი ცეზარ ჩოჩელია. «აზია-აფრიკის მენეჯმენტის კომპანია» სინგაპურში რეგისტრირებულია. ეს ჩინური კომპანიაა და მისი სათავო ოფისი ქალაქ სიანში მდებარეობს. ჩინურ კომპანიას ანუ სათავო ოფისს «სიანის იაობაის ცემენტი» ეწოდება. ეს ჩინეთის დასავლეთ რეგიონის ცემენტის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. ჩინეთის მასშტაბით, კომპანია ცემენტის მწარმოებელ 17 დიდ ქარხანას ფლობს. რაც მთავარია, ეს კომპანია ძირითადად, იშვიათი და სპეციალური დანიშნულების ხარისხის ცემენტს აწარმოებს.
საქართველოს გარდა, «აზია-აფრიკის მენეჯმენტის კომპანია» ტაჯიკეთშიც იგივე ფორმატის პროექტს ახორციელებს, რომელიც ექსპლუატაციაში 30 ივნისს გაეშვება. კომპანიას აფრიკაში, კერძოდ, ნამიბიაშიც აქვს ცემენტის ერთი ქარხანა. სენაკის ცემენტის ქარხანა ამ კომპანიის რიგით მესამე პროექტია საზღვარგარეთ. «სიანის იაობაის ცემენტის» წლიური წარმადობა 30 მილიონი ტონა ცემენტია. აღსანიშნავია, რომ ეს არის კერძო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ამის შემდეგ ჰონგ-კონგში გავიდნენ და სინგაპურშიც ერთი კომპანია შეისყიდეს. მიუხედავად იმისა, რომ «ჰუალინგ ჯგუფი» სენაკის ცემენტის ქარხნის პროექტის ერთ-ერთი ინვესტორია, ცემენტის წარმოება ჩვენი ძირითადი საქმიანობა არაა. შესაბამისად, გვჭირდებოდა პროფესიონალი, რომელსაც ეს საქმე ძალიან კარგად ესმოდა და დახმარებისთვის «აზია-აფრიკის მენეჯმენტის კომპანიას» დავუკავშირდით.
– ცხადია, სენაკში ცემენტის ქარხნის მშენებლობის ბიზნესგეგმაც იარსებებს. ამ ბიზნესგეგმის მიხედვით, როდის და კონკრეტულად რა ვადებშია გაწერილი ქარხნის მშენებლობის დაწყება და მისი დასრულება?
– ქარხნის მშენებლობა 25 ივნისს დაიწყება, უფრო ზუსტად, ეს იქნება პროექტის გახსნის ცერემონია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. რა თქმა უნდა, გახსნის ცერემონიაზე საქართველოს მთავრობის სხვა ოფიციალური პირებიც მოვიწვიეთ, მათ შორის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. დაახლოებით, 20 საპატიო სტუმარი გვეყოლება.
რაც შეეხება სამუშაოების დაწყების რეალურ თარიღს, ახლა მზადდება და სრულდება პროექტის დიზაინი.
ადრე გათვალისწინებული გვქონდა, რომ სენაკის ცემენტის ქარხნის წარმადობა წელიწადში 600 000 ტონა ცემენტი უნდა ყოფილიყო. შემდეგ, როდესაც «აზია-აფრიკის მენეჯმენტის კომპანიის» ხელმძღვანელობა ჩამოვიდა, შეფასების შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს ბაზარი უფრო პერსპექტიულია, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ, ამიტომ წლიური წარმადობა ჯერ 1 200 000 ტონამდე, ხოლო საბოლოოდ, 1 400 000 ტონა ცემენტამდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, პროექტის თავდაპირველ ვარიანტში გარკვეული შესწორებები შედის და შესაბამისად, ცემენტის ქარხნის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება და,
სამუშაოების დაწყების დღიდან, დაახლოებით, 16-18 თვეში დასრულდება. ჩვენი გეგმის მიხედვით, ცემენტის წარმოება მომდევნო წლის ივნისამდე უნდა დავიწყოთ. ახლა კლინკერი არ გვაქვს, ამიტომ თურქეთიდან ვყიდულობთ, რომ მერე მისგან ცემენტი დამზადდეს, რომელიც ქარხნის ასაშენებლად გვჭირდება. ამ ეტაპზე, საკუთარ თავს ვერ მივაწვდით ცემენტს და ამიტომ ვყიდულობთ, მაგრამ მომავალი წლის ივნისში, საკუთარი კლინკერი და ცემენტი გვექნება.
– მესმის, რომ პროექტში, რომელიც აგვისტოში დაიწყება და 16-18 თვეში დასრულდება, ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ინვესტორ რა მოგებას ელის და პირველი შემოსავლის მიღებას როდის გეგმავთ?
– შემდეგი წლის ივნისში, რადგან ამ პერიოდში უკვე მზა პროდუქციის გაყიდვას დავიწყებთ. რაც შეეხება მოგებას, რასაც ინვესტიციაში ჩავდებთ, ვვარაუდობთ, რომ სამი წლის განმავლობაში ამოვიღებთ. თუ დროულად დაიწყება ანაკლიის პორტისა და სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაც დროულად დაიწყება, მაშინ მათ სპეციალური დანიშნულების ცემენტს შევთავაზებთ. შესაბამისად, სამი წლის განმავლობაში, ამ პროექტის თვითღირებულებას ამოვიღებთ. დაახლოებით, 400 000 ტონა კლინკერის ცემენტის ექსპორტს ვაპირებთ უკრაინისა და რუსეთის მიმართულებით, საიდანაც სანაცვლოდ, ნახშირს წამოვიღებთ, რაც ერთგვარი ბარტერი იქნება.
– «ჰუალინგ ჯგუფი» საქართველოში ძირითადად, სამშენებლო და ენერგეტიკული პროექტებით, ასევე, გაზსაცავის მშენებლობითაა დაინტერესებული. მეტიც, კომპანია საავადმყოფოებს, სკოლებს, ბაღებს და საერთაშორისო უნივერსიტეტსაც აშენებს. «ჰუალინგი» საქართველოში ახალი ავიაკომპანიის შემოყვანასაც გეგმავს. აქედან გამომდინარე, ცემენტის ქარხნით რატომ დაინტერესდით? ამ მხრივ, თქვენს კომპანიას რა გამოცდილება აქვს?
– «ჰუალინგის ჯგუფი» თავიდანვე კომერციული, უძრავი ქონების განვითარებით იყო დაკავებული. ენერგეტიკული და გაზსაცავის პროექტი, ასევე ავიაკომპანიის შემოყვანა, ჩვენი ძირითადი სფეროს მიღმაა. დაახლოებით, 7-8 წელია, საქართველოში ვმოღვაწეობთ, ამ ხნის განმავლობაში, ძალიან კარგად გავიცანით საქართველოსა და გარშემომყოფი ქვეყნების ბაზრები. რაც მთავარია, საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი ურთიერთობები გვაქვს საქართველოს მთავრობასთან. ჩვენს პრეზიდენტს, ბატონ მის ძალიან უყვარს საქართველო, რომელსაც ჩინეთში ბევრი გავლენიანი მეგობარი ჰყავს. როდესაც მისმა სამეგობრო წრემ დაინახა, თუ როგორი წარმატებით მოღვაწეობს ბატონი მის «ჰუალინგ ჯგუფი» საქართველოში, ინვესტიციების განხორციელების სურვილი თვითონაც გაუჩნდა. ბატონ მის საქართველოში, ასე ვთქვათ, ჩამოყვნენ, მაგალითად, ცემენტის პროექტში ბატონი მის ერთ-ერთი მეგობარი ჩამოვიდა. ავიაკომპანიის შემოყვანაც ბატონი მის ერთ-ერთი, გავლენიანი მეგობრის იდეაა, გაზსაცავის პროექტსაც ბატონი მის ერთ-ერთი მეგობარი განახორციელებს. ჩინეთის ნავთობის კომპანიაც საქართველოთი სწორედ ბატონი მის კვალდაკვალ დაინტერესდა.
– პრემიერ-მინისტრთან ოფიციალურ შეხვედრაზე, ცემენტის ქარხნის მშენებლობის ხელშეკრულებაზე ხელისმომწერებმა განაცხადეს, რომ ქარხნის მშენებლობაზე დაახლოებით, 500 კაცი დასაქმდება, ამდენივეს დასაქმებას ქარხანაშიც გეგმავთ. თქვენი გათვლით, ქარხნის მშენებლობასა და უშუალოდ ქარხანაში სულ რამდენი ადამიანი უნდა დასაქმდეს?
– დიახ, ასეა. მშენებლობაზე მინიმუმ, 500 კაცი დასაქმდება. ქარხანაში, რომელშიც მაღალტექნოლოგიური პროცესი იქნება, დაახლოებით, 300 ადამიანი იმუშავებს, მაგრამ ამას დაემატება სხვადასხვა პროექტი, მათ შორის, კირქვის საბადოს ამუშავება, მისი ტრანსპორტირება. მოკლედ, იმ პროექტების გარშემო, რასაც ცემენტის ქარხანა აამუშავებს, დასაქმებულთა რაოდენობა მინიმუმ 700-800 ადამიანი იქნება. ვფიქრობთ, ეს პროექტი სენაკის უმუშევრობის პრობლემას მთლიანად მოაგვარებს.
– ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ არ დაასაქმებთ. ბაზარი შეისწავლეთ, ან ადგილობრივი მუშა-ხელის გადამზადებას ხომ არ გეგმავთ?
– რა თქმა უნდა, სენაკის ცემენტის ქარხანაში ძირითადად, ადგილობრივ მოსახლეობას დავასაქმებთ. ძალიან რომ გვინდოდეს, ამდენ ხალხს ჩინეთიდან ვერც კი ჩამოვიყვანთ, რადგან ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გაცილებით მარტივია, ადგილობრივი მოსახლეობა დავასაქმოთ და ამას ნამდვილად ვაპირებთ. სხვათა შორის, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ბიზნესგეგმაშიც გვაქვს ჩადებული. მეტიც, ბიზნესგეგმით ისიც გათვალისწინებულია, რომ ადგილობრივი მუშა-ხელი გარკვეული დროის განმავლობაში, ჩინეთში გავაგზავნოთ, სადაც ტრენინგებს ჩაუტარებენ. ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცემენტის მწარმოებელი საუკეთესო ქარხანა უნდა იყოს. მეტსაც გეტყვით, მუშებს თეთრი პერანგებითაც კი შეეძლებათ ამ ქარხანაში მუშაობა, რადგან აქ არ იქნება მტვერი. ადგილობრივ კადრებს ჯგუფებად დავყოფთ და ჩინეთში გავგზავნით.
– «ვერსიამ» სენაკში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც ცემენტის ქარხანა უნდა აშენდეს. ამავე ტერიტორიაზე, «ჰუალინგ ჯგუფი» საერთო საცხოვრებლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობასაც გეგმავს, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ცემენტის ქარხნის მშენებლობასა და უშუალოდ ქარხანაშიც, კომპანია საქართველოს მოქალაქეებს არ დაასაქმებს.
– ბაღებისა და სკოლების მშენებლობა სენაკში გათვალისწინებული არ არის. ბაღები და სკოლები თბილისის ზღვის ტერიტორიაზე აშენდება. სენაკში საპროექტო განყოფილება უკვე არსებობს, შენობაც ვიქირავეთ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის მოტანა უკვე დაწყებული გვაქვს. უნდა ვიყიდოთ მანქანები, ამისთვის ადგილობრივი მძღოლების დახმარება დაგვჭირდება. დაახლოებით, 15 ივლისს, ამ ქარხნის გარშემო, კედლის მშენებლობა დაიწყება, რადგან ამის შემდეგ, შიგნით მთელი ტერიტორია უნდა მოსწორდეს. ამ თვის ბოლომდე, მოსამზადებელ სამუშაოებზე დაახლოებით, 50 ადამიანი დასაქმდება. წმინდა პრაგმატულად აგიხსნით: ერთი მუშის ჩინეთიდან საქართველოში ჩამოყვანა რა ხარჯებთანაა დაკავშირებული. პირველ რიგში, თითოეულ მუშას წელიწადში ერთი ბილეთი უნდა მივცეთ, რათა ჩავიდეს და ოჯახი მოინახულოს, გარდა ამისა, მისი კვება აქ ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ. რა თქმა უნდა, როდესაც ჩინეთიდან საქართველოში ადამიანი მოგყავს, მისი ხელფასი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ჩინეთში დასაქმების დროს აქვს, რადგან ის ოჯახს ტოვებს და სამუშაოდ სხვა ქვეყანაში მიდის. წლის განმავლობაში, 11 თვე მარტო უნდა იყოს და შეუძლია, საკუთარ ოჯახთან მხოლოდ ერთი თვე ანუ შვებულება გაატაროს. თუ ჩვეულებრივ ხელფასს შევთავაზებთ, აქ სამუშაოდ არავინ ჩამოვა. შესაბამისად, ჩინეთიდან მუშა-ხელის ჩამოყვანა კომერციული თვალსაზრისითაც არ გვიღირს.
– სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს ბაზარი ცემენტით გაჯერებულია და ადგილობრივი წარმოებაც ჭარბი რაოდენობისაა. ამ ვითარებაში, «ჰუალინგ ჯგუფი» სენაკის ცემენტის ქარხანაში გამოშვებული პროდუქციის ექსპორტს კონკრეტულად რომელ ქვეყნებში აპირებს?
– საქართველოს კლინკერის ცემენტი თურქეთიდან შემოაქვს. მას შემდეგ, რაც ჩვენი ქარხანა ექსპლუატაციაში გაეშვება, საქართველოს, გარდა იმისა, რომ თურქეთიდან იმპორტი აღარ დასჭირდება, თვითონაც დაიწყებს კლინკერის ცემენტის სხვა ქვეყნებში ექსპორტს. შესაბამისად, იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორ ქვეყნად გადაიქცევა. საქართველოს ბაზარზე ორი დიდი კომპანია იქნება – ჩვენ და «ჰაიდელბერგცემენტი». «ჰაიდელბერგცემენტი» ძირითადად, თბილისში ოპერირებს, ჩვენი ქარხანა კი ორიენტირებული დასავლეთ საქართველოზეა, ამიტომ მაინც და მაინც დიდი შეხების წერტილი, ან მძლავრი კონკურენცია არ უნდა იყოს. როდესაც ჩვენი ქარხანა ამუშავდება, «ჰაიდელბერგსაც» მოუწევს გარკვეული სახის ტექნიკური ცვლილებების შეტანა საკუთარ საქმიანობაში, რაც აუცილებლად იმას გამოიწვევს, რომ საქართველოში ცემენტის წარმოება გაცილებით სხვა სიმაღლეებზე ავა და გარემოზე ცემენტის პროდუქტის მავნე ზემოქმედებაც შემცირდება. ჩვენს პროდუქტს მსოფლიო MADE IN GEPღGIA-ს სახელით გაიცნობს ანუ ისე, როგორც საქართველოში წარმოებულ პროდუქტს.
– ამ ქარხანაში გამოშვებული პროდუქცია იმაზე ძვირი ხომ არ იქნება, ვიდრე, მაგალითად, «ჰაიდელბერგცემენტის» პროდუქციაა?
– არა, დაახლოებით იგივე ფასი იქნება, რაც ახლაა ბაზარზე. ვეცდებით, ბაზარზე დღეს არსებული ფასი შევინარჩუნოთ. შეიძლება, ოდნავ იაფიც კი ღირდეს.
– სპეციალისტების განმარტებით, ცემენტის საწარმოებლად, კირქვის გარდა, თიხაცაა საჭირო. სენაკსა და ზოგადად, სამეგრელოში კი თიხის ნაკლებობაა. თიხის მოტანას საიდან აპირებთ?
– არის, როგორ არ არის. ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დახმარებით, თიხა მოვიძიეთ. ამ პროექტის მიმართ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დიდ მხარდაჭერასაც ვგრძნობთ. ასე რომ, თიხა ადგილზე უკვე ვიპოვეთ.
– ასეთი მოსაზრებაც არსებობდა, რომ ცემენტის წარმოებისთვის, თიხა რაჭიდან უნდა ჩაგეტანათ, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. გამოდის, ეს აღარ დაგჭირდებათ?
– რა თქმა უნდა, არ დაგვჭირდება. ერთი წელი გავიდეს და ისინი, რომლებიც ამ პროექტს სკეპტიკურად უყურებენ, ყველაფერში თავად დარწმუნდებიან.
– იცით თუ არა, რომ სენაკის რაიონის სოფელ კოტიანეთში, სადაც კირქვის საბადო მდებარეობს და ნოსირში, სადაც ცემენტის ქარხნის მშენებლობა იგეგმება, კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლია? ცემენტის ქარხანა, ასევე, კირქვის საბადოს ამოქმედება ამ ძეგლებს საფრთხეს არ შეუქმნის?
– უკვე ავირჩიეთ კირქვის ტრანსპორტირების რამდენიმე მარშრუტი. ეს მარშრუტები ბევრჯერ გადავამოწმეთ და ამ სოფელს ისე შემოუვლის, რომ არაფერი დაზიანდება.
– ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას სწორედ ამ მიზეზითაც გამოხატავს ანუ როგორც ჩანს, ან არასწორი ინფორმაცია აქვს, ან საერთოდ არ იცის, რა ხდება…
– ჭორები, მითქმა-მოთქმა და არასწორი ინფორმაცია ყოველთვის იქნება. როდესაც თბილისის ზღვაზე ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ, მაშინაც გავრცელდა ხმა, რომ ჩინეთიდან თითქოს ათასობით ჩინელის ჩამოსახლებას ვაპირებდით. ბოლოს, ისე გამოვიდა, რომ ამ ტერიტორიაზე 90% ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობს. იმასაც ამბობდნენ, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჩინური ქალაქი გაშენდებაო, მაგრამ თქვენც ხედავთ, რომ ასე არაა. თბილისის ზღვის ერთ-ერთი ახალი უბანი გაშენდა, სადაც ქართველები ცხოვრობენ.
– ეს გასაგებია, მაგრამ თუ მოსახლეობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში, პროტესტს მიმართავს, რას მოიმოქმედებთ?
– დავეხმარებით, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა პრობლემა გადავჭრათ. ჩვენც არ გვინდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შევეხოთ, რადგან ეს ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედის. სხვათა შორის, სენაკში საკმაოდ ძველი ხე ვნახეთ, რომელსაც ფოტოც კი გადავუღეთ – ეს ხე დაახლოებით, 1 000 წლის იქნება. ფოტო იმიტომ გადავიღეთ, რომ ხეს ხელი არ ვახლოთ და იმაზეც ვფიქრობთ, კირქვის გადმოზიდვის დროს, ეს ხე რომ დაიმტვეროს და არ დაზიანდეს.
– ორი წლის წინ, სენაკში, სოფელ კოტიანეთში, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტომ კირქვის საბადო იმის გამო დახურა, რომ იქ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მდებარეობს! ამის შესახებ იცით?
– არა, ეს არ ვიცოდი. კოტიანეთში ბევრი საბადოა…
– დახურული კარიერი იმ კარიერთან, რომლის ამოქმედებასაც აპირებთ, მაქსიმუმ, ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს…
– არა, კირქვის მოპოვებას ჩვენ სულ სხვა საბადოდან ვაპირებთ. დიდი ხნის წინ, ეს საბადო ჩვეულებრივად მოქმედებდა და კირქვასაც მოიპოვებდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს საბადო შეჩერდა. გარემოს დაცვის სამინისტროდან დასკვნა მივიღეთ, რომ კოტიანეთის იმ საბადოდან, რომლის ლიცენზიაც გვაქვს, კირქვის მოპოვება ადგილობრივ მოსახლეობასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს საფრთხეს არ შეუქმნის! გარდა ამისა, ასეთი გეგმა გვაქვს: როდესაც საბადო ამუშავდება და გათხრები დაიწყება, მართალია, ხეები უნდა ამოიძირკვოს, მაგრამ იმავე ადგილზე ხეებს აუცილებლად დავრგავთ.
– სენაკში, სოფელ კოტიანეთში, კირქვის კარიერთან ახლოს მოსახლეობა ცხოვრობს. მისთვის კომპენსაციის გადახდას, ან მის გასახლებას ხომ არ გეგმავთ?
– არა, ადგილობრივ მოსახლეობას ხელს ნამდვილად არ შეუშლის. კირქვის წამოღების ისეთი მარშრუტები ავირჩიეთ, რომ დასახლებულ პუნქტებს გვერდს ვუვლით, რათა ადგილობრივი მოსახლეობა არ შევაწუხოთ.
– გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სენაკში, კირქვის მოპოვებასა და ცემენტის ქარხნის მშენებლობაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტი არ გაცემულა. აპირებთ თუ არა გზშ-ს მოპოვებას და რა სამუშაოებს ატარებთ ამ მიმართულებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი პროექტები გარემოზე უარყოფითად არ იმოქმედებს?
– ბიზნესგეგმაში ჩადებული გვაქვს, რომ როდესაც პროექტის საბოლოო დიზაინი დასრულდება, გარემოს დაცვის სამინისტროში უნდა წავიღოთ, რათა გზშ-ს დოკუმენტი მომზადდეს და ოფიციალური დასტური მივიღოთ. ბიზნესგეგმა ივლისში უკვე მზად იქნება.
«მე ამ ქვეყნის მტერი არ ვარ, თუ დაიდება დასკვნა, რომ ეს ღუპავს ჩვენს ქვეყანას, ან ეკოლოგიას აზიანებს, კი ბატონო, გავითვალისწინებ!»
ჩინელი ინვესტორების პოზიცია გასაგებია, მაგრამ რადგან ნოსირის ცემენტის ქარხანას ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელის კომპანია აშენებს, სენაკელები სწორედ მისგან ითხოვენ პასუხს – რატომ დაინტერესდა ბიზნესმენი ამ პროექტით, რატომ უნდა აშენდეს ცემენტის კლინკერის ქარხანა მაინცდამაინც სენაკში, სადაც ათეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და საკურორტო-ტურისტული მარშრუტი გადის და გათვლილია თუ არა მოსალოდნელი ეკოლოგიური საფრთხეები? – ამ კითხვებით «ვერსიამ» ცეზარ ჩოჩელს მიმართა.
– ბატონო ცეზარ, თქვენი ბიზნესი ძირითადად მცხეთის მუნიციპალიტეტშია თავმოყრილი, სენაკითა და ზოგადად, ცემენტის ბიზნესით რატომ დაინტერესდით, ამ მხრივ რა გამოცდილება გაქვთ?
– ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით, დაახლოებით, 13 წარმოება გვაქვს აშენებული. რაც შეეხება სენაკს, საქართველო ძალიან მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, თუნდაც კირქვით, ამ დროს კი ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში, დაახლოებით, 20-25 მილიონი დოლარის ქვის იმპორტი ხორციელდება, ვგულისხმობ, კლინკერს, რომელიც ცემენტის მასალაა და კირქვისგან იწარმოება. არადა, ქვეყანაში კლინკერი შემოდის თურქეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან… რატომ უნდა ხორციელდებოდეს იმპორტი უცხო ქვეყნებიდან და აქედან ვალუტა გაედინებოდეს, როდესაც ადგილზე გაცილებით ხარისხიანი პროდუქცია გაგვაჩნია? მაშინ, როცა წარმოება განუვითარებელია, მოსახლეობა დაუსაქმებელია, სავალუტო რესურსი ნაკლებია, გადართული ვართ იმპორტზე და ადგილზე არ ვაწარმოებთ, ჩნდება კითხვა – რატომ? მონოპოლიასთან ხომ არ გვაქვს საქმე? რატომაა დღეს აქტუალური, რომ სენაკში ცემენტის ქარხანა შენდება? ვფიქრობ, მონოპოლიასთან გვაქვს საქმე, ყველაფერი ეს დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მიმართ არასერიოზულად განწყობილ რამდენიმე ადამიანთან. დასავლეთ საქართველოში ცემენტის ქარხნის მშენებლობა და კლინკერის წარმოება, ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა: ჯერ ერთი, დასავლეთ საქართველოში იგივე კასპსა და რუსთავიდან პროდუქციის ტრანსპორტირება, მას, მინიმუმ, 10-12 აშშ დოლარით აძვირებს. გარდა ამისა, შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, კლინკერისა და ცემენტის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა თურქეთია. თურქეთს საბაჟო შეზღუდვები აქვს დაწესებული რუსეთთან, უკრაინასთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, საქართველოს ასეთი შეზღუდვები არ აქვს. ჩვენთან ნედლეული, მუშა-ხელი და ენერგომატარებლები იაფია და რატომ არ უნდა აშენდეს დასავლეთ საქართველოში ცემენტის ქარხანა და რატომ არ უნდა გავუწიოთ თურქეთს კონკურენცია, არ მესმის?!
– დემურ გადელიასთან რა ურთიერთობა გაქვთ – დიდი ხანია იცნობთ, მეგობრობთ თუ რა ხდება?
– არაფერი, ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.
– ამ პროექტში დემურ გადელიას რა ინტერესი აქვს?
– არავითარი.
– აბა, თქვენს კარიერზე დემურ გადელიას ტექნიკა რატომ მუშაობდა?
– რა ტექნიკა, სრული სისულელეა, მე რა ვიცი, ვინ სად მუშაობდა.. ჩემს საბადოსთან გადელიას შეხება არ აქვს.…
– სოფელ კოტიანეთში, კირქვის საბადოს დემურ გადელიაც ფლობდა, მაგრამ მისი კარიერი 2014 წელს დახურეს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სწორედ გადელია დაგიკავშირდათ და სინამდვილეში, ცემენტის ქარხნის მშენებლობა სენაკში თქვენი კი არა, მის ინტერესებში შედის, ასეა?
– არა, რას ამბობთ? ერთი რამ დაიმახსოვრეთ და ამას ყველას გასაგონად ვამბობ, ჩემს უკან არასდროს არავინ დგას, ჩემი ქვეყნისა და ჩემი საქმის სიყვარულის გარდა. ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი. ვაკეთებ რამეს, რატომ აკეთებსო, არ ვაკეთებ და, რატომ არ აკეთებსო, რა ვქნა, გეკითხებით? სულ ასეა, ვაშენებ ქარხნებს და ისეთი ბიზნესით ვარ დაკავებული, რომელიც მატერიალურ ფასეულობას ქმნის, ხალხს ასაქმებს. ყველას თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში, ჩემი ადგილი იქაა, სადაც ახალი წარმოებები და სამუშაო ადგილები იქმნება. ვიღაცის მოვალეობაა, მთელი ცხოვრება უსაქმურობაში, ინტრიგასა და ლანძღვაში ატაროს, მაგრამ ეს მისი არჩევანია, მე ჩემი არჩევანი მაქვს. უბრალოდ, ხალხი შეცდომაში შეჰყავთ, ზეპირად ვიცი, რომელი სააგენტოდან დაიწყო ყველაფერი ეს, ვინ დგას იმ სააგენტოს უკან, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების უკან და ა.შ. პრეზენტაციის შემდეგ, პრესკონფერენციას გავმართავთ და ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით, ამის პირობას ყველას ვაძლევ.
– ამბობენ, რომ ხალხი შეცდომა, პირიქით, თქვენ შეგყავთ. ამიტომ, მოსახლეობა შიშობს, რომ «ჰუალინგი» ჩინელებს ჩამოასახლებს და ადგილობრივებს არ დაასაქმებენ.
– როდესაც ჩინური «ჰუალინგ ჯგუფი» თბილისის ზღვაზე ახალი დასახლების მშენებლობას იწყებდა, ერთი ამბავი ატყდა, არიქა, ჩინელები უნდა ჩამოასახლონო. გეკითხებით, ვინ ცხოვრობს დღეს იმ დასახლებაში? ახლა გეკითხებით, რატომ უნდა ჩამოსახლდნენ ჩინელები? რა განსაკუთრებული პირობები გვაქვს, ან რამდენი სამუშაო ადგილია საქართველოში, რომ ჩვენ აღარ გვყოფნის მუშახელი და ჩინელები უნდა ჩამოვიდნენ? გადახედეთ ჩემს კომპანიებს, 3 000 კაცზე მეტი მუშაობს ჩვენს მიერ შექმნილ ქარხნებსა და საწარმოებში, სადაც მხოლოდ 8 უცხოელი მუშაობს, სენაკელები რატომ შიშობენ, არ მესმის. ვინც ამ კითხვას სვამს, იმაზე ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და მათზე გაცილებით მეტი მაქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის, რომლებიც ამგვარ სიბინძურეს ავრცელებენ!
– ბატონო ცეზარ, პირდაპირ გეტყვით: წინა ხელისუფლების დროს სახარბიელო პირობებში არც ბიზნესი იყო და არც – მოსახლეობა. ბევრი «გადაგდებული» ბიზნესმენიც გვინახავს და ბევრი შეუსრულებელი დანაპირებიც. ამ ფონზე, სენაკის მოსახლეობის სკეპტიციზმი სულაც არ მიკვირს. იქაურებს, ცხადია, ქარხნის მშენებლობა უხარიათ, მაგრამ იმედი არ აქვთ, რომ დაასაქმებთ. პროექტი უკვე მოინათლა, როგორც ეკონომიკური ბლეფი.
– 25 ივნისს, ცემენტის ქარხნის პრეზენტაციას ვმართავთ და ყველაფერს ამ პრეზენტაციიდან შეიტყობენ, თუ რა გაკეთდება და როგორ. ცემენტის ქარხანაში, 95%-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება და მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხა შევა, რადგან ქონების გადასახადი სწორედ ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა გადავიხადოთ.
– თქვენი გათვლით, მაინც, რამდენი შევა?
– ეს 100-მილიონიანი ინვესტიციაა, შესაბამისად, 1 მილიონი აშშ დოლარი, გარანტირებულად, როგორც ქონების ღირებულება, სენაკის ბიუჯეტში უნდა შევიდეს. გარდა ამისა, კირქვის მოპოვებიდან შემოსული მოსაკრებლის ნაწილი – ცენტრალურ, ნაწილი კი ადგილობრივ ბიუჯეტში შევა. ვიღაცები მიდიან ადგილობრივებთან და აბუნტებენ, ყველაფერი ეს ხელის შეშლაა და სხვა არაფერი. ჩვენი კარიერი არანაირ კავშირში არ არის ისტორიულ ძეგლებთან. კირქვის მოპოვება უაღრესად თანამედროვე მეთოდებით უნდა მოხდეს. საქართველოში არიან სპეციალისტები და მე ამ ქვეყნის მტერი არ ვარ, თუ დაიდება დასკვნა, რომ ეს ღუპავს ჩვენს ქვეყანას, ან ეკოლოგიას აზიანებს, კი ბატონო, გავითვალისწინებ!
– ნოსირსა და კოტიანეთში ჩინელები საბავშვო ბაღებისა და საერთო საცხოვრებლების მშენებლობასაც გეგმავენ. თუკი კირქვის საბადოსა და ცემენტის ქარხანაში ადგილობრივები უნდა დასაქმდნენ და არა – ჩინელები, საერთო საცხოვრებლებს რატომ აშენებთ?
– ყველაფერი ეს სისულელეა. ცემენტის ქარხანამ 24 საათი უნდა იმუშაოს, რამდენიმე ცვლაში. მენეჯმენტში მხოლოდ სენაკელები ხომ არ იქნებიან? შესაძლოა, ვერც ვიპოვოთ სენაკში ამ ქარხნის გენერალური დირექტორი. ანდა ჩვენ რომ ჩავალთ ქარხანაში, მოსვენება არ გვინდა? გრანდიოზული საცხოვრებელი კი არა, 20-25 ადამიანზე გათვლილი, ნორმალური, კომფორტული სახლი შენდება.
– კირქვის საბადოებზე ლიცენზიის მოპოვება კულტურის სამინისტროსთან. შეთანხმებული იყო? კოტიანეთში უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. გაქვთ სპეციალისტების დასკვნა, რომ კარიერები მათ საფრთხეს არ შეუქმნის?
– რა თქმა უნდა, გვაქვს. შემოწმებაზეც იყვნენ და ყველაფერი კარგად დაათვალიერეს. რა საფრთხე უნდა შეუქმნას, რაზე მელაპარაკებით, საერთოდ? თითოეულ ისტორიულ ძეგლზე მხოლოდ «ზედაზენის» ქარხანა, წელიწადში უამრავ თანხას ხარჯავს. პირიქით, ჩვენს ინტერესებშია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამა თუ იმ ისტორიული ძეგლის აღდგენაში. ვითხოვთ მაღალ ხელფასებს, შემოსავლებს, კარგად მოწყობილ გზებს, მაგრამ არ გვინდა, რომ რამე გაკეთდეს: ხან ჰესის მშენებლობა არ უნდათ, ხან – სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ, ვერ გავიგე, აბა, რა გვინდა?
– არ გვინდაო, არავის უთქვამს, სენაკელებს ქარხანაც უნდათ და დასაქმებაც, მაგრამ ეს გარემოსა და ძეგლები დაზიანების ხარჯზე არ უნდა მოხდეს!
– არაფერი დაზიანდება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშია. სენაკის ცემენტის ქარხანა საქართველოში კი არა, ევროპის ქვეყნებს შორის – გერმანიასა და საფრანგეთში, ყველაზე უკეთესი იქნება. ბავშვი არ დაბადებულა, უკვე კრიტიკას ვიწყებთ, მოდით, არსებულ ქარხნებს გადახედეთ, სად არის, ან როგორ არის, რა გავლენას ახდენს მოსახლეობაზე. ამ ქარხანაზე რას გვედავებით ჯერ, როდესაც არ იცით, რას ვაკეთებთ?!
– უამრავი გამოძიება ჩავატარეთ კასპის, სუფსის ქარხნებზე, მადნეულზე, ზვარეზე, სადაც ელემენტარული ნორმები დაცული არაა და იმაზე საუბარი, თუ რა დღეშია მოსახლეობა და გარემო შორს წაგვიყვანს. ჰოდა, ხომ შეიძლება, უსაფრთხოების ყველა ზომა ერთხელ მაინც მანამ მივიღოთ, ვიდრე ავაშენებთ, რომ შთამომავლობას სადარდებელი არ დავუტოვოთ?
– შეგიძლიათ, ჩემს მიერ შექმნილი ყველა საწარმო დაათვალიეროთ და თუ საქართველოში მათზე უკეთეს წარმოებებს მაჩვენებთ, მზად ვარ, ხელები ავწიო! სენაკის ცემენტის ქარხანა თითით საჩვენებელი იქნება და როგორც «ზედაზენის» დასათვალიერებლად მოდიან ევროპასა და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ზუსტად ასე მოვლენ სენაკშიც. თვითონ გერმანელები ჩამოვლენ იმის სანახავად, თუ რა დონის ქარხანა აშენდა საქართველოში. ქარხნის გახსნის დროს, ადგილობრივ მოსახლეობას, ხელისუფლებისა და სტუმრებს შევთავაზებთ, მოვიდნენ ქარხანაში თეთრი პერანგებით, ცოტა ხანს დაჰყონ და შემდეგ ჩვენივე პერანგებით შევამოწმოთ, სისუფთავე იქნება, თუ არა. ბოლოს კი, მათ მოვკითხოთ პასუხი, რომლებიც ხალხს ჩვენს წინააღმდეგ განაწყობენ. ჯერ არცერთი წარმოება არ გაგვიკეთებია ისეთი, რომელიც თავისი მიმართულებით, საუკეთესო არ იქნებოდა ევროპაში. დღესაც მოსახლეობას ვპირდებით – სენაკის ცემენტის ქარხანა იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე აქამდე აუშენებია ვინმეს.
– სენაკის ცემენტის ქარხნის წლიური წარმადობა, დაახლოებით, 1 400 000 ტონა ცემენტი უნდა იყოს. ამ რაოდენობის ცემენტის საწარმოებლად, ცხადია, დიდი ოდენობით კირქვის მოპოვება დაგჭირდებათ, საბადოები, რომლებზეც ლიცენზია მოიპოვოთ, მცირე ზომისაა. შესაბამისად, ადგილობრივები შიშობენ, რომ საბადოს რადიუსის გასაზრდელად მთის აფეთქება მოგიწევთ, შედეგად, წყალი ამოხეთქავს და, შესაძლოა, არა მარტო სენაკი, კოლხეთის დაბლობიც დაიტბოროს.
– ეს ძალიან სერიოზული სისულელეა.
– არსებობს ტაშკენტის ლაბორატორიის დასკვნა და კომპეტენტური ექსპერტების ანალიზიც, რომელსაც უახლოეს ხანებში გამოვაქვეყნებთ!
– ჩვენ 67 ჰექტარი მიწის ფართობი გვაქვს, რაც 670 000 კვ/მეტრია. 10 მეტრზე რომ მოიჭრას, ეს 7 მილიონი ტონა კირქვაა, 7 მილიონი უნდა გავამრავლოთ 2.7-ზე, რადგან ეს მისი კუთრი წონაა, დაახლოებით, 18.5 ნახევარი გამოდის. მთა რომ 20 მეტრზე მოიჭრას, 40 მილიონი ტონა გამოვა. ახლა გეკითხებით, 1 400 000 ტონა ცემენტიც რომ ვაწარმოოთ წლიურად, 40 მილიონი ტონა კირქვა 20 მეტრზე, რამდენ წელიწადში უნდა დაიხარჯოს? მთის სიმაღლე, მინიმუმ, 200 მეტრია, მხოლოდ 20 მეტრი უნდა მოიჭრას. რა ეკოლოგიურ საფრთხეზეა საუბარი?! ყველაფერი ეს აბსურდია! ეს თითიდან გამოწოვილი თემაა, ეს მავნებლობაა, რათა ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ!
– კირქვის საბადოზე ლიცენზია ფიზიკურ პირ მარიამ მაჭარაშვილზე გაიცა, ეს პიროვნება ვინაა?
– ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინაა. ლიცენზია სჭირდებოდა ამ ადამიანს და აიღო, თქვენც მიმართეთ შესაბამის უწყებას და აიღეთ ლიცენზია, ვინ გიშლით?
– ლიცენზია, რომელიც მიიღეთ, გაცემული თქვენს კომპანიაზე კი არა, ვინმე მარიამ მაჭარაშვილზეა… ამბობენ, რომ მარიამ მაჭარაშვილი დემურ გადელიასთან დაახლოებული პირია და სწორედ მისი საშუალებით მონაწილეობს ბატონი დემური ამ პროექტში. «ვერსია» ამ ინფორმაციასაც ამოწმებს.
– არც გადელია ვიცი და არც სხვები მაინტერესებს! მე არავისთან არაფერი დასამალი არ მაქვს. ნებისმიერ კითხვას ვუპასუხებ, რომელიც საქმეს უკავშირდება, თორემ თითოეული «კლიოზნიკი» რას იტყვის, იმაზე პასუხი როგორ გაგცეთ?
– იმ პირის ვინაობას ვაზუსტებ, რომელიც დოკუმენტშია მითითებული. მას შემდეგ, რაც შპს «ქართული სამშენებლო მასალების კომპანიას», «ჰუალინგ ჯგუფსა» და «აზია-აფრიკის მენეჯმენტის» კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ სენაკის ცემენტის ქარხანაში ბიზნესინტერესი არ გაგაჩნიათ. უკაცრავად, მაგრამ ამ პროექტში რა ინტერესი გაქვთ?
– არა, მასე არ მითქვამს. ვთქვი, რომ ამ პროექტში კომერციულ ინტერესზე მეტად იმით ვარ დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტი წარმოება შევქმნა საქართველოში. ვიღაცა პოეტია და სურს, ყველაზე მაგარი ლექსი დაწეროს, ვიღაცა ხატავს და მისი ოცნებაა, ყველაზე მაგარი ტილო დახატოს. მე არც ხატვა ვიცი და არც ცეკვა-სიმღერა მეხერხება, მხოლოდ ქარხნების მშენებლობა ვიცი და შესაბამისად, ჩემი სურვილია, საქართველოში ყველაზე მეტი და ყველაზე მაგარი ქარხნები ავაშენო, რათა ყველაზე მეტი დასაქმებული ადამიანი მე მყავდეს. თუ ეს დასაძრახია, დამძრახეთ!
– 2015 წლის 13 ოქტომბრის მთავრობის #2207 განკარგულებით, ირაკლი ღარიბაშვილმა «აწარმოე საქართველოს» ფარგლებში, შპს «ქართული სამშენებლო მასალების კომპანიას» სენაკში, სოფელ ნოსირში, 263 265 კვ/მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა ცემენტის ქარხნის ასაშენებლად. ჩვენი ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი ერთხელ უკვე დაიბლოკა, თქვენ კი ღარიბაშვილი შეცდომაში შეიყვანეთ და იმ ვითარებაში, როდესაც მალე პრემიერ-მინისტრი უნდა შეცვლილიყო, მომენტით ისარგებლეთ, რათა ამ განკარგულებაზე ხელი მოეწერა. ასე იყო?
– ესეც აბსოლუტური სისულელეა! ჯერ ერთი, ამ საქმით დაკავებული იყო კომპანიის გენერალური დირექტორი და საერთოდ, ამ თემასთან დაკავშირებით ერთ სახელმწიფო უწყებაშიც არ მივსულვარ. რატომ უნდა მივსულიყავი, ან რა მეგობრობა მაკავშირებდა ირაკლი ღარიბაშვილთან, როდესაც ოთხი წელია, სასამართლოს თავი ვერ დავაღწიე!
რაც შეეხება კონკრეტულად 26 ჰექტარ მიწის ფართობს, თქვენ დაინტერესდით, რა რაოდენობის მიწის ნაკვეთია გაცემული «აწარმოე საქართველოს» ფარგლებში საინვესტიციოდ? ვალდებულება გვქონდა აღებული, რომ 21 ჰექტარზე უნდა განგვეხორციელებინა 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, მაგრამ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ვახორციელებთ. ჯერ ერთი, თუ ამ პროექტის ფარგლებში, ბევრმა მეწარმემ ისარგებლა, დღესაც სარგებლობს და მომავალშიც ისარგებლებს, ჩვენთვის რატომ უნდა ეთქვათ უარი, როდესაც ამხელა მასშტაბის, 100-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ვაპირებთ? რა შეცდომა დავუშვით, ან რანაირად მოვატყუე ირაკლი ღარიბაშვილი – 100 მილიონის ნაცვლად, 20-მილიონიან პროექტს ვაკეთებ თუ რა? პირიქით, ვთქვით, რომ 20-მილიონიანი პროექტის ვალდებულება გვაქვს, მაგრამ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ვახორციელებთ. ვთქვით, რომ ვაკეთებთ ერთ წარმოებას, მაგრამ საბოლოოდ, ოთხი წარმოება იქნება. ზოგადად, თქვენი კითხვის შინაარსი მაინტერესებს, დავუშვათ, ვიღაცას მართლაც გაუჩნდა ასეთი კითხვა, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, რანაირად მოვატყუე ღარიბაშვილი, სადაა აქ ლოგიკა?
– ბატონო ცეზარ, კითხვებს მე ვსვამ და ინფორმაციას ვამოწმებ, თორემ უპირობოდ არც თქვენი მჯერა და არც – სხვისი. დაგირეკეთ და ინტერვიუზეც ამიტომ შეგითანხმდით, რომ ინფორმაცია მომაწოდოთ.
– ვიდრე ჩემთან მობრძანდებოდით, ეკონომიკის სამინისტროსთვის უნდა მიგეწერათ და გეკითხათ, რის საფუძველზე გადმოგვცეს 1 ლარად მიწის ნაკვეთი.
– რჩევისთვის გმადლობთ, მაგრამ ზუსტად ასე მოვიქეცი – ერთი თვის წინ მივწერე ეკონომიკის სამინისტროსაც, მთავრობის კანცელარიასაც, გარემოსა დაცვის, კულტურის სამინისტროებსაც და ყველა ოფიციალური დოკუმენტი ხელთ მაქვს.
– რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, 26 ჰექტარზე რა მოცულობის ინვესტიცია ხორციელდება, ეს აიღეთ, მერე რამდენიმე ასეული ჰექტარი დააჯამეთ და ვნახოთ, იქნება ასეთი პროექტი თუ არა! ამის მერე იკითხეთ, ვინ ვის ატყუებს, ვინ აკეთებს ქვეყნის საქმეს და ვინ უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას!
– კოტიანეთში, კირქვის საბადოსთან 500 მეტრში, დასახლებული პუნქტია, საბადოს ამუშავების შემდეგ, 30-მდე ოჯახს საფრთხე არ დაემუქრება?
– ჯერ ერთი, 500 მეტრში არანაირი მოსახლეობა არ არის, ყველაზე ახლოს, მოსახლეობა 1 კილომეტრში იქნება საბადოსთან და რა საფრთხე უნდა შეექმნას?
– ადგილობრივები აცხადებენ, ჩოჩელის ხალხი კოტიანეთის მოსახლეობას 400-400 ლარს ურიგებს, რათა კირქვის საბადოს ამუშავება არ გააპროტესტონო. ეს სიმართლეა?
– იცით, როგორი სისულელეა ყველაფერი ეს? ჯერ ერთი, რა უნდა გააპროტესტონ, თუ არ უნდათ, ნუ გავაკეთებთ. გიმეორებთ, კირქვის საბადოებისა და ნოსირის ცემენტის ქარხნის შემოსავალი უნდა მოხმარდეს კოტიანეთს, ნოსირს და სენაკის სხვა სოფლებს. პირველი ქარხნის მშენებლობას რომ ვიწყებდი ნატახტარის ტერიტორიაზე, მაშინაც ანალოგიური პროტესტი იყო, არიქა, რა გვეშველებაო… ის ქარხანაც აშენდა და იმის შემდეგ კიდევ 9 ქარხანა ავაშენე. საქართველოს მასშტაბით, დღეს ყველაზე მეტი დასაქმებული სწორედ ჩვენს შემოგარენშია. ნახეთ, მცხეთის ბიუჯეტში რა თანხა შედის მხოლოდ ადგილობრივი წარმოებებიდან, რამდენი ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული ამ ქარხნებში. იმის ნაცვლად, რომ დაგვეხმარონ, ყველაფერს აკეთებენ, რომ მდგომარეობიდან გამოგვიყვანონ. ერთმანეთის ლანძღვითა და მტრობით ქვეყანა არ შენდება. დღეს სამეგრელოში ასეთი სერიოზული წარმოება არ არსებობს.
– გასაგებია, მაგრამ ამ პროექტის გარემოს ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტი ჯერ არ არსებობს და პირადად ჩემთვის, ამ პროექტში ეს ყველაზე მეტად საეჭვო დეტალია!
– თავდაპირველად, კირქვის საბადოს სალიცენზიო პირობები უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში. რაც შეეხება ცემენტის ქარხანას, არსებობს სტანდარტი, რაც უნდა დავაკმაყოფილოთ და რასაც სახელმწიფო დაგვიწესებს, ის უნდა შევასრულოთ. პროექტის განხორციელების დაწყებამდე, მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, დაახლოებით, თვენახევარი დაგვჭირდება. ამასობაში, გზშ-ს დოკუმენტიც მომზადდება. ნორმატივები ორჯერ მეტად გვაქვს დაცული, ვიდრე ჩვენი კანონმდებლობა მოითხოვს. ეს ნორმატივები 10-წლიან პერსპექტივაზეა გათვლილი, რათა ევროკავშირის სტანდარტთან პრობლემა არ შეგვექმნას.
გაზეთი „ვერსია“