შემოქმედის ეპარქია: პატრულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ შეხებას და მით უმეტეს, ცემის ფაქტს

შემოქმედის ეპარქია მამა გაბრიელ კახელიშვილის დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და პატრულის მიერ სასულიერო პირის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. როგორც ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მამა გაბრიელს მანქანაში ჩაჯდომის დროს შუბლის არე დაუზიანდა ღია მანქანის კარზე მირტყმის შედეგად, რამაც სისხლდენა გამოიწვია.
„მამა გაბრიელსა და საპატრულო პოლიციას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გახდა საჯარო განხილვის ობიექტი.
გამომდინარე აქედან, თავს ვალდებულად მივიჩნევთ გავაკეთოთ განმარტება, რომელიც ნათელს მოჰფენს შექმნილ ვითარებას და პასუხს გასცემს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს. საქმე იმაშია, რომ მამა გაბრიელი მართლაც გადაადგილდებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ ეს არ იყო ალკოჰოლური თრობა, უბრალოდ მიღებული ალკოჰოლის ოდენობა აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ ნორმებს.
გადაადგილების დროს გააჩერა საპატრულო ეკიპაჟმა და მოსთხოვა ალკოჰოლური თრობის ტესტის გავლა. მამაომ განუმარტა მათ, რომ მას ჰქონდა მიღებული სასმელი. საპატრულო პოლიციის მხრიდან მოთხოვნილი იყო ავტომობილის ჩამორთმევა, რაზეც მამაომ უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ არ არსებობდა ამის სამართლებრივი საფუძველი, რადგან მისი თრობის დონე არ უშლიდა ხელს ავტომობილის მართვაში და არ უქმნიდა საფრთხეს ავტოსაგზაო მოძრაობაში მონაწილე პირებს. რაც შეეხება მიღებულ დაზიანებას კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პატრულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ შეხებას და მით უმეტეს, ცემის ფაქტს. უბრალოდ გადაყვანის დროს მოხდა მექანიკური დაზიანება. კერძოდ, მანქანაში ჩაჯდომის დროს შუბლის არე დაუზიანდა ღია მანქანის კარზე მირტყმის შედეგად, რამაც გამოიწვია სისხლდენა“, – ნათქვამია შემოქმედის ეპარქიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი მამა გაბრიელ კახელიშვილი სამართალდამცველებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს, რასაც შსს კატეგორიულად უარყოფს. უწყების მტკიცებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სასულიერო პირმა თვითდაზიანება მიიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები