შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ბათუმში სიმულაციური ჩვენება გამართა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ბათუმში, მოხალისე მაშველების მონაწილეობით, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ზღვაზე სამაშველო ღონისძიებების სიმულაციური სწავლება ჩაატარეს.
მაშველებმა, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, ამინდის უეცარი ცვლილების გამო ამოტრიალებულ ნავში მყოფი 2 „დამსვენებელი გადაარჩინეს“. სამაშველო ოპერაციაში, პროფესიონალ მაშველებთან ერთად, „წითელი ჯვრისა“ და „ოქსფამის“ მოხალისე მაშველები მონაწილეობდნენ. მათ „დამსვენებლებს“დახმარება დროულად აღმოუჩინეს. სიმულაციურ ჩვენებაში სამი მცურავი საშუალება იყო ჩართული.
როგორც „კვირას“ შსს-ს სგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, სიმულაციური ჩვენების მიზანი იყო მოქალაქეების კატასტოფებისადმი მზადყოფნისა უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, მოხალისეების პროფესიონალ მაშველებთან კოორდინაციის დემონსტრირება და მათი შესაძლებლობის შემოწმება.
სიმულაციური ჩვენება ევროკომისიის პროექტის – „კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა ინსტიტუციებისა და მოწყვლადი თემების გასაძლიერებლად სამხრეთ კავკასიაში“ მეოთხე ფაზის ოფიციალური გახსნის ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
პროგრამის მიზანია ბუნებრივი კატასტროფების რისკის ზონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საგანგებო სიტუაციების დროს მზადყოფნისა და ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ღონისძიებას კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები