„კიწმარიშვილის თვითმკვლელობის შესახებ დასკვნა გავაკეთეთ იმ უტყუარი სურათის მიხედვით, რაც დაგვხვდა შემთხვევის ადგილზე“

თვითმკვლელობის შესახებ დასკვნა გავაკეთეთ იმ უტყუარი და ობიექტური სურათის მიხედვით, რაც დახვდა გამოძიებას შემთხვევის ადგილზე, – ამის შესახებ პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა გადაცემა „პოლიტიკაში“, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად მნიშვნელოვანი გარემოება იყო გამოძიებისთვის ის, რომ გარდაცვალების დღეს გადაღებულ ვიდეოკადრებში ეროსი კიწმარიშვილი „ბოლთას სცემს“.
აღლემაშვილმა განმარტა, რომ პროკურატურას კიწმარიშვილის თვითმკვლელობის შესახებ დასკვნა მსგავს დეტალებზე დაყრდნობით არ გაუკეთებია.
„ბუნებრივია, ცალკე აღებული, ვერცერთი დეტალი ვერ იქნება სარწმუნო და საკმარისი იმისათვის, რომ კონკრეტული დასკვნა გამოვიტანოთ, ჩვენ გავაკეთეთ აპელირება ყველა იმ ფაქტზე, რომელიც ჩვენი თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი საიმისოდ, რომ საზოგადოებას გამოეტანა დასკვნა მომხდართან დაკავშირებით.
ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ეროსი კიწმარიშვილი მობილურის და საფულის გარეშე გამოვიდა სახლიდან, რაც ასევე შესაძლებელია, იყოს მანიშნებელი იმისა, რომ ის არ აპირებდა შორს გადაადგილებას. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ეს პირი სახლიდან გამოვიდა იმ დროს, როცა იარაღის ტრანსპორტირების ვადა გასული იყო.
რაც შეეხება ბოლთის ცემას, ბუნებრივია, ჩვენ ამ დროსაც ფაქტის აღწერა მოვახდინეთ, როდესაც ვიდეომასალა მოვამზადეთ, ყველა ის ფაქტი, რომელიც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შესაძლებელი მანიშნებელი ყოფილიყო იმისათვის, რომ საბოლოო დასკვნა გაკეთებულიყო, ჩვენ აღვწერეთ უბრალოდ.
რაც შეეხება თვითმკვლელობას, ჩვენ თვითმკვლელობაზე დასკვნა ბოლთის ცემაზე და მსგავს გარემოებებზე დაყრდნობით არ გაგვიკეთებია. ჩვენ თვითმკვლელობის შესახებ დასკვნა გავაკეთეთ იმ უტყუარი და ობიექტური სურათის მიხედვით, რაც დახვდა გამოძიებას შემთხვევის ადგილზე. ეს არის ყველაზე ინფორატიული მტკიცება და ამის გვერდის ავლა და უარყოფა, ვფიქრობ, უბრალოდ არ შეიძლება“,- განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები