მინდია ჯანელიძემ დევდორაკის ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგებზე ბრიფინგი გამართა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში, საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ, ამალი-დევდორაკის ხეობაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, გასულ წელს დანერგილმა წინასწარი შეტყობინების სისტემამ წარმატებით იმუშავა, რის შედეგადაც დროულად გახდა შესაძლებელი გზის გადაკეტვა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გეგმის მიხედვით და მსხვერპლის თავიდან აცილება.
„ყველა შესაბამისმა უწყებამ კოორდინებულად და დაგეგმილად იმუშავა. ვსარგებლობ შემთხვევით და უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს სახელით მადლობას ვუხდი ყველა უწყების თანამშრომელს, რომლებმაც მოახდინეს დროული რეაგირება სტიქიაზე. ასევე მადლობას ვუხდი ადგილზე მყოფ ყველა მოქალაქეს მოთმინებისთვის და თანამშრომლობისთვის.
შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დღეს დილით ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერეს სტიქიის ზონა, დევდორაკის მყინვარი და მდინარე დევდორაკის კალაპოტი. შედეგად, დადგინდა სტიქიის გამომწვევი მიზეზები და შეფასდა მოსალოდნელი საფრთხე. არსებული ინფორმაციით, ხეობის ტრანზიტულ ზონაში დარჩენილია დაახლოებით 150 ათასი კუბური მეტრი ნაშალი ქანების მასა, რომლის დაძვრაც შესაძლებელია ინტენსიური ნალექის პირობებში, საათში 20 მილიმეტრი ან მეტი.
დაწყებულია აღდგენის სამუშაოების პროექტის შემუშავება. მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, გზის აღდგენითი სამუშაოების წარმოება შესაძლებელი იქნება მხოლოდ დღისით, მუდმივი დაკვირვების რეჟიმში. გზის აღსადგენად ადგილზე მობილიზებულია საჭირო ტექნიკა”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
გუშინ, 23 ივნისს, დაახლოებით 17:10 საათზე, მდ. დევდორაკის ხეობაში მოსული უხვი ნალექის გამო, დაიძრა 100 ათასი კუბური მეტრის ოდენობის ღვარცოფული მასა. აქედან 50 ათას კუბურ მეტრამდე გადმოვიდა სტეფანწმინდა-ლარსის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მაგისტრალზე. ღვარცოფის შედეგად დაზიანდა 780 მეტრი გზის საფარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული საგუშაგოდან ოპერატიულად მოხდა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გაფრთხილება. შედეგად, განხორციელდა პერსონალის და რუსეთის ფედერაციიდან შემოსული ტურისტების გადაყვანა წინასწარ განსაზღვრულ უსაფრთხო ტერიტორიაზე. გუშინვე, რუსეთის 150-მდე მოქალაქე დაბრუნდა რუსეთის ფედერაციაში. დღეს დილით კი შსს ვერტმფრენის მეშვეობით, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ჯამში, გადმოყვანილია 180 ადამიანი, მათ შორის საფრანგეთის 12 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები