თემურ შაშიაშვილი ალტერნატიული ეკონომიკური ფორუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის

პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ხელმძღვანელი თემურ შაშიაშვილი ალტერნატიული ეკონომიკური ფორუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის, სადაც ყველა პარტიას საკუთარი შეხედულებისა და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება. როგორც შაშიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, პრესკოფერენცია პირდაპირი ტრანსლაციით უნდა გაშუქდეს, რათა მოსახლეობა კარგად გაერკვეს, თუ როგორი ხედვა აქვს ამა თუ იმ პარტიას.
„მოსახლეობას მიეცემა საშუალება, რომ არჩევნების წინ გაიგოს, ვინ ტყუის, ხელისუფლება თუ ოპოზიცია. ჩვენთვის ეს პრინციპული საკითხია და ახლავე გეტყვით, რატომ – სოციალური დემაგოგები იგებენ საქართველოში არჩევნებს. 93 წლიდან გრძელდება ეს სოციალური დემაგოგია. ვინც უფრო დიდ ტყუილს ეტყვის მოსახლეობას, ვინც გალანძღავს წინას, იმას ირჩევს ხალხი. მილიონი სამუშაო ადგილი თქვეს – აირჩიეს ის, მაგრამ მილიონი უმუშევარი მოვიდა ქვეყანაში. სააკაშვილმა თქვა, რომ დავძლიეთ სიღარიბეო, მაგრამ სიღარიბე გაღრმავდა ქვეყანაში“,- განაცხადა შაშიაშვილმა.
„თეთრების“ ლიდერის თქმით, გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მეცნიერთა შეხედულებებს, რადგან ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელსაც რეალური ცვლილებების განხორციელება შეუძლია. შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ ფორუმზე წარმოდგენილი პარტიის მომხსენებლებიც სწორედ ამიტომ უნდა იყვნენ მეცნიერები.
„მეცნიერს სხვა პატიოსნება და სხვა პასუხისმგებლობა გააჩნია ქვეყნის წინაშე. არ შეიძლება მეცნიერმა ისეთი ტყუილი თქვას, როგორსაც კადრულობენ პოლიტიკური ლიდერები. ჩვენი წინადადება კონკრეტულია. ჩვენ არავის ვუპირისპირდებით, ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ თვითკმაყოფილები არიან. გაბოროტებამდე და გამარგინალებამდეა მისული ოპოზიცია. კატასტროფული სიტუაციაა, როდესაც ერთი თვითკმაყოფილია, მეორე კი გაბოროტებული“,- განაცხადა შაშიაშვილმა.
როგორც შაშიაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მან შესთავაზა ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა, რათა იმის ანალიზი გაკეთებულიყო, თუ რა ვითარებაში იყო ქვეყანა, რადგანაც „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას არარსებულ მოლოდინებს უქმნიდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, რომ წარმოუდგენელი შედეგები გვაქვს და ავაყვავეთ ქვეყანაო, არადა, რეალობა ამის შესაბამისი არ იყო. რა თქმა უნდა, ჩვენი წინადადება არ მიიღეს, სამწუხაროა, რომ ყველა ხელისუფალს, როდესაც ურჩევენ, თითქოს ნიშნავს, რომ მტრები არიან.
ჩვენი შეთავაზება მარტივია. ჩვენ ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ შეიქმნას მეცნიერთა დიდი ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მათ შეუძლიათ ამ კონფერენციის ჩატარება. და თუ არ მიიღებს ამას ხელისუფლება და ოპოზიცია, ჩვენ ამას მაინც ჩავატარებთ და რომელიმე ტელევიზია აღმოჩნდება, რომელიც ამას პირდაპირ ეთერში გადასცემს. არ გვინდა, რომ ეს ერთჯერადი იყოს, ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ უნდა შედგეს სექტემბრის თვეში განრიგი და ყველა პარტიას მიეცეს საშუალება, წარმოადგინოს ხედვა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და ქვეყნის მომავალზე“,-განაცხადა შაშიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები