დავით თევზაძე – წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაგვიწყია

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პარტია “საქართველოს მშვიდობისთვის”ლიდერი დავით თევზაძე აცხადებს, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანია ჯერჯერობით არ დაწყებულა, თუმცა აქტიურად მიდის მუშაობა, რომ ეს პროცესი ორგანიზებულად ჩატარდეს. თევზაძე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ისე ჩატარდა, როგორც წესი და რიგია, მაშინ საზოგადოებას წინ საინტერესო არჩევნები ელოდება.
„არჩევნების პროცესში სირთულეები სერიოზული თემაა. არიან პარტიები, რომლებსაც გააჩნიათ მყარი ელექტორატი, გარდა ამისა, მყარი წარმომადგენლობა საოლქო კომისიებში, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, აქვთ სერიოზული გამოცდილება და შეუძლიათ გავლენის მოხდენა შედეგების დათვლაზე, თუმცა იმედი მაქვს, რომ თუ რეალურად ყველა ხელს აიღებს იმ მანიპულაციებზე, რომელშიც გამოიწვრთნა ჩვენი პოლიტიკური სისტემა, შეიძლება საინტერესო შედეგებიც მივიღოთ“, – განაცხადა თევზაძემ.
შეკითხვაზე, აქვთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველ პოლიტიკურ სუბიექტებს თანაბარი პირობები, თევზაძემ განაცხადა, რომ ახლად შექმნილ პოლიტიკურ სუბიექტს მეტი მხარდაჭერა სჭირდება.
„რომ ვთქვა, კი-მეთქი, არ იქნება სიმართლე, სისუსტე იმ მიდგომაშია, რომელიც საარჩევნო სუბიექტების მიმართ არსებობს. ცალსახად სუბიექტი, რომელიც ახლა შემოდის, ყველაზე დაბალ საფეხურზე დგას მისი შესაძლებლობების რეალიზაციის მიხედვით, მას არც საეთერო დრო ეკუთვნის, არც წარმომადგენლობა, არც რიგი შეღავათები, რომლებიც სხვას აქვს.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს სამართლიანია, მაგრამ მე არ ვფიქრობ ასე, რადგან სუბიექტი, რომელიც მოიპოვებს არჩევნებში მოანწილეობის უფლებას, მას მისი შესაძლებლობის სრული რეალიზაციის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. არ ღირს ამ საკითხის გამწვავება, რადგან ამ წუთში ეს საკითხი არ მოიხსნება, მაგრამ დრო სჭირდება საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრსაც, რომ თანაბრობა, რომელიც მათ ერთმანეთის მიმართ აქვთ დაშვებული, ადვილად აიტანონ და შეეგუონ იმას, რომ ახალი სუბიექტებიც იმავე რანგში განიხილონ – კონკურენტული სივრცეც“,- განაცხადა თევზაძემ.
შეკითხვაზე, ვის თვლის ის დღევანდელ პოლიტიკურ სარბიელზე კონკურენტად, მან განაცხადა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ თვლის, რომ მან არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
„კონკურენტად ყველა იმ ადამიანს აღვიქვამ, რომელიც თვლის, რომ მე არჩევნებში არ უნდა ვმონაწილეობდე“,-განაცხადა თევზაძემ.
აღსანიშნავია, რომ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, თევზაძემ ახლად შექმნილ პოლიტიკურ პარტიებზე გააკეთა განცხადება. ის მიიჩნევს, რომ დღეს ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს რეალიზაციის საშუალება. თუ როგორი იქნება საბოლოო შეფასება, ეს მხოლოდ ამომრჩეველზეა დამოკიდებული.
„მე რაც არ უნდა ვთქვა, ეს უბრალოდ თავის წარმოჩენის სურვილი იქნება და სიკეთეს არ მოიტანს. პაატა ბურჭულაძე ხედავს რაღაც რეალობას და, გარდა ამისა, მისი ნაბიჯებიც გარკვეული რეალობით არის განპირობებული. ვაცადოთ ამომრჩეველს, თუ მიიღო მან ეს შესაძლებლობა, ეს მასზეა დამოკიდებული, არც პაატაზე და არც სხვაზე. არ მინდა კულუარებში გადავიდე, რაც არ არის საინტერესო. იგივეს ვიტყვი მეჭიაურზე, არ ვიცნობ მას პირადად. რა უნდა ვთქვა და როგორ უნდა შევაფასო, შეიძლება რაღაც მომწონდეს, ან არ მოწმონდეს, მაგრამ ეს არის ის გზა, რომელიც მან დაინახა. დავაცადოთ ამომრჩეველს და ის იტყვის შემდეგ შეფასებას“, – განაცხადა თევზაძემ.
აღსანიშნავია ისიც, ამ ეტაპზე თევზაძე გამორიცხავს, რომ ის შესაძლოა, რომელიმე პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანდეს. არჩევნებში ის დამოუკიდებლად გეგმავს მონაწილეობის მიღებას.
„ამ წუთში მე არავისთან, არანაირ ალიანსს არ ვგეგმავ, თუმცა მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც თავისი ნებით იღებს გადაწყვეტილებებს. პარტიას ჰყავს თავისი კომიტეტი, სადაც ძირითადი პოლიტიკური მიმართულებების განსაზღვრა და შეჯამება ხდება“,- განაცხადა თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები