ლაშა სუხიშვილი ამალი-დევდორაკზე – „პატარ-პატარა ღვარცოფები ხშირად დიდ კატასტროფებს“ გვარიდებს
„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლაშა სუხიშვილი ამალი-დევდორაკში მომხდარ სტიქიურ მოვლენას ეხმაურება და აცხადებს, ასეთ მოვლენაში კარგი ის არის, რომ ხშირ-ხშირად წამოსული ღვარცოფების მეშვეობით ისეთი დიდი კატასტროფის თავიდან აცილება ხდება, როგორიც 2014 წელს იყო.
„რა თქმა უნდა, ამ მოვლენამ სახელმწიფოს ზარალი მიაყენა, თუმცა ამ პატარა ღვარცოფმა განტვირთა ხეობა და ეს გარკვეულ წილად ხელს შეუწყობს უფრო მცირე ზომის კატასტროფების მოხდენას და არა ისეთი გრანდიოზულისას, როგორიც 2014-ში მოხდა. ამ დროიდან 2 წელი გავიდა და დიდი მასის აკუმულირება ვერ მოესწრო. დიდ მასაში ვგულისხმობ მილიონი კუბური მეტრის სხეულს. არ არის გამორიცხული, ხეობაში დარჩენილი იყოს მცირე ზომის მასა, თუმცა ეს არ იქნება კატასტროფული პროცესის წარმომშობი.
რაც შეეხება ადრეული შეტყობინებების სისტემას, აპარატურული სისტემა ამუშავების ეტაპზე და გარემოს ეროვნული სააგენტო უშუალოდ ახდენს ამის მონიტორინგს.
მუშაობენ კომპტენტური ადამიანები, რომლებიც გადმოსცემენ ინფორმაციას იქ მომხდარი პროცესების შესახებ“,- განაცხადა სუხიშვილმა.
შეკითხვაზე, ემუქრება თუ არა საფრთხე დარიალის ხეობაში მდებარე ახლად აშენებულ მონასტერს, სუხიშვილმა განაცხადა, რომ მონასტერი შემთხვევიდან მოშორებით მდებარეობს და ამ ეტაპზე მას საფრთხე არ ემუქრება.