ლაშა სუხიშვილი – არ არის გამორიცხული, ვერეს ხეობაში ისევ ღვარცოფი დაიძრას

„დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლაშა სუხიშვილი აცხადებს, რომ ვერეს ხეობაში ჯერ კიდევ არის ის მასა, რომელიც, წყალმოვარდნის შედეგად, შესაძლოა, ისევ დაიძრას. საუბარია იმ 300 ათას კუბურ მეტრზე, რომელიც შარშანდელი სტიქიის შედეგად დარჩა.
სუხიშვილი მიიჩნევს, რომ ამ მასამ შესაძლოა, მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვიოს, თუმცა არ იქნება იმ რანგის პრობლემა, რომელიც დიდ საფრთხეს შექმნის.
„შარშან ვამბობდით, რომ მილიონ 300 ათასი კუბური მეტრი იყო დაძრული. მხოლოდ მეწყრიდან, ამ რაოდენობიდან ვერეს ხეობაში 1 მილიონი კუბური მეტრი ჩავიდა. დანარჩენი დარჩენილი იყო ზედაპირზე. დღევანდელი მდგომარეობით ეს მასა გატანილია სავალი ნაწილიდან. ეს შედარებით დიდი მოცულობის მასაა მეწყრული სხეულის, მაგრამ უდიდესი ნაწილი ისევ იქ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სხეული შეიძლება ისევ ჩამოწვეს წყნეთი – ახალდაბის მონაკვეთამდე, თუმცა, როგორც ჩანს, ეს დროში გადანაწილებული პროცესი იქნება და არ იქნება ერთიანად თავს დამტყდარი უბედურება ისე, როგორც ეს იყო შარშან“,-განაცხადა სუხიშვილმა.
„კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე დასძინა, რომ ამ ეტაპზე წყალმოვარდნის კუთხით, ვერეს ხეობის გარდა, გარკვეული საშიშროების რამდენიმე სხვა მონაკვეთსაც ემუქრება.
„თუ საუბარია წყალმოვარდნებზე და მეწყერზე, რაც უნდა მოხდეს, ისევ ვერეს ხეობა, მდინარე დიღმულა, გლდანის ხევი, ლეღვთა ხევი, ეს რამდენიმე ნაკვეთი კვლავაც საფრთხის შემცველია. ვერეს ხეობაში ადამიანები თითქმის აღარ ცხოვრობენ კალაპოტში, რასაც ვერ ვიტყვით სხვა ადგილებზე“,- განაცხადა სუხიშვილმა შეკითხვაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი სტიქიური უბედურებების პრევენცია და მათგან მიღებული ზარალის თავიდან არიდება, სუხიშვილმა განაცხადა, რომ მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, თუმცა, მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე, ეს სისტემები ზემოთ ჩამოთვლილი ტერიტორიებიდან მხოლოდ ვერეს ხეობაშია დამონტაჟებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები