„ღვარცოფის ჩამოწოლისთანავე, მყისიერად მოხდა სტიქიის ზონიდან ავტომობილების და მოქალაქეების გამოყვანა“
საპატრულო პოლიციამ ღვარცოფის ჩამოწოლისთანავე მყისიერად მოახდინა რეაგირება და სტიქიის ზონიდან ავტომობილები და მოქალაქეები გამოიყვანა, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ამალი-დევდორაკის ხეობაში განაცხადა.
მისივე განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით, გზა დაკეტილია.
”საპატრულო პოლიციამ ღვარცოფის ჩამოწოლისთანავე მყისიერად მოახდინა რეაგირება და სტიქიის ზონიდან ავტომობილები და მოქალაქეები გამოიყვანა. უსაფრთხოების მიზნით, გზა დაკეტილია. გზის ნაწილი ისეა დაზიანებული, რომ გადაადგილება შეუძლებელია. საფრთხის დონის შეფასების მიზნით, შსს ვერტმფრენით სპეციალისტებთან ერთად მოხდება დევდორაკზე შემოფრენა”, – განაცხადა შს მინისტრმა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ამალი-დევდორაკის ხეობაში გვიან ღამით ჩავიდა. გიორგი მღებრიშვილთან ერთად სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებოდა კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე. დილიდან უკვე დაიწყო იმ ადამიანების ვერტმფრენით გამოყვანა, რომლებმაც სტიქიის დროს თავი დარიალის მამათა მონასტერს შეაფარეს.