თინა ხიდაშელი: რუსეთი ნერვებზე გვცდის და ცდილობს, გამოგვიწვიოს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, პროვოკაციებს არ ავყვეთ

რუსეთი ნერვებზე გვცდის და ცდილობს, გამოგვიწვიოს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, პროვოკაციებს არ ავყვეთ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.
“რუსეთი ნერვებზე გვცდის და ცდილობს, გამოგვიწვიოს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, პროვოკაციებს არ ავყვეთ. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა ვაშენოთ და არავის მივცეთ საშუალება, საქართველოს პროგრესი გააჩეროს. ომი საქართველოს პროგრესს და ყოველი მოქალაქის წარმატებისკენ სწრაფვას გააჩერებს და ამ შესაძლებლობას კიდევ რამდენიმე წლით მოსპობს. ამიტომ, ხელისუფლების  ვალია, არაკეთილგანწყობილ ძალას ამის შესაძლებლობა არ მისცეს. ჩვენი ამოცანაა, საკუთარ ქვეყანას  გავუფრთხილდეთ და თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე განმარტებით, დღეს  არ არსებობს მოლოდინი, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. თუმცა, არის მნიშვნელოვანი ამბები, რაც ვარშავის სამიტზე მოხდება.
“ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში, ველოდებით საქართველოს მიწვევას NATO-ში წევრობაზე. ვარშავის სამიტი გაფართოების სამიტი იქნება და NATO-ს კიდევ ერთი წევრი, მონტენეგრო შეემატება. ეს არის პასუხი სკეპტიკოსებისთვის და რუსული პროპაგანდისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ გაფართოება გრძელდება. იმ დღეს, როცა მონტენეგრო NATO-ში გასაწევრიანებლად დაპატიჟეს, ძალიან ბევრმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შემდეგი გაჩერება საქართველო იქნება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები