თინა ხიდაშელი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონეთის სახელმწიფო მდივანს, ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს პაველ სოლოხს შეხვდა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ერთსაათიან შეხვედრაზე საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს და ნატოს ვარშავის სამიტის წინ არსებულ ვითარებას დაეთმო.
საქართველოსა და პოლონეთის წარმომადგენლებმა სამიტზე განსახილველ საკითხებსა და ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ვარშავის სამიტის წინ ასეთი მაღალი რანგის სტუმარი გვყავს პოლონეთიდან. პრაქტიკულად, ყველა საკითხი განვიხილეთ. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პოლონეთთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხს – უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. ეს ურთიერთობა ძალიან ღრმა და ფართოა, ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. პოლონეთი სამიტის მასპინძელი ქვეყანაა, მოგეხსენებათ ის ისედაც აქტიურია, საქართველოს თხოვნების, მოთხოვნების, საქართველოს პოზიციების ცალსახად მხარდამჭერია.
ბუნებრივია, ჩვენც ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გავაცნოთ მათ ყოველი სიტყვა და წინადადება, რომელიც გვინდა აისახოს ვარშავის სამიტის საბოლოო შემაჯამებელ დოკუმენტებში, იმისათვის, რომ სამიტის დასრულების შემდეგ მოგვეცეს კონკრეტულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს ვიზალიბერალიზაციის საკითხსა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დეტალებზე. პოლონეთის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრას მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები