მარგველაშვილი ციხეში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით დაინტერესდა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის ოფიციალური შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის მიზეზი პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განმარტა. მისი ინფორმაციით, მარგველაშვილი პენიტენციურ სისტემაში ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით დაინტერესდა.
„საბაბი დღევანდელი შეხვედრის იყო განცხადება, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა გააკეთეს და პრეზიდენტს პენიტენციალურ დაწესებულებაში ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.
სწორედ აქედან გამომდინარე და არა მარტო, იცით თქვენ, რომ პრეზიდენტი ყოველთვის ინტერესდება იმ საკითხებით რაც არის სენსიტიური და მნიშვნელოვანი უფლებების მხრივ“, – განაცხადა კოჟორიძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი თავად მინისტრმაც გააკეთა.
კახიშვილის თქმით, ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი პირობებით.
„პრეზიდენტი დაინტერესდა კონკრეტულად ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში. არის თუ არა უზრუნველყოფილი კონსტიტუციით და კანონით გარანტირებული უფლებები. მე ვესაუბრე პრეზიდენტს პატიმრების პირობებთან დაკავშირებით.
თქვენ იცით, რომ 2012 წლიდან საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა გრანდიოზული რეფორმები და ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი პირობებით.
ამაზე არაერთხელ გაუსვა ხაზი ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა, მათ შორის, იმ ორგანიზაციებმაც, რომლის სპეციფიკაციის და უფლებამოსილების ფარგლებში შედის სწორედ პენიტენციური დაწესებულების შემოწმება“, – აღნიშნა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები