თეა წულუკიანი ბუენოს-აირესში ადამიანის უფლებათა სახელმწიფო მდივნის ოფისს ეწვია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბუენოს-აირესში ადამიანის უფლებათა სახელმწიფო მდივნის ოფისს ეწვია, სადაც სახელმწიფო მდივნის მოადგილე ხოსე ბრაიან შაპირას და ინსტიტუციური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გენერალურ დირექტორ მატიას გარიდოს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა წულუკიანმა სახელმწიფო მდივნის ოფისს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტებისა და გატარებული რეფორმების, ასევე, იმ საბჭოების ფუნქციონირების შესახებ უამბო, რომლებიც ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, წამების წინააღმდეგ მუშაობენ იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით. თეა წულუკიანმა ბოლო პერიოდის ყველაზე დიდ მიღწევად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება და ციხეებში წამების დამარცხება დაასახელა.
მინისტრის თქმით, ადამიანების ციხეებში წამებისა და მსჯავრდებულთა რეკორდული რაოდენობის გათვალისწინებით, ქვეყანაში მასშტაბური ამნისტია გამოცხადდა; პარალელურად კი, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრში შეიქმნა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც ყოფილ პატიმართა საზოგადოებაში დაბრუნებას უწყობს ხელს და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. თავის მხრივ, არგენტინის ადამიანის უფლებათა სახელმწიფო მდივნის ოფისის წარმომადგენლებმა იმ გამოცდილებასა და მექანიზმებზე ისაუბრეს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არგენტინას აქვს. ადამიანის უფლებათა სახელმწიფო სამდივნოს ტერიტორიაზე მდებარეობს შენობა, სადაც დიქტატურული რეჟიმის დროს, 1976-1983 წლებში, სამხედრო სკოლა „EX-Esma“ ფუნქციონირებდა. ე.წ. სამხედრო სკოლაში რეჟიმის დროს პირთა დაკითხვისა და წამების სასტიკ მეთოდებს მიმართავდნენ. 7 წლის განმავლობაში შენობაში 5 000 ადამიანი მიიყვანეს დასაკითხად, საიდანაც ცოცხალმა მხოლოდ 200-მა გამოაღწია. დღეს ამ შენობაში ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის მუზეუმია განთავსებული. სამუშაო ვიზიტის პირველი დღის დასასრულს მუზეუმი იუსტიციის მინისტრმა დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები