ზაქარეიშვილი: ოთხოზორიას მკვლელის დაპატიმრების მოთხოვნა აფხაზური საზოგადოების გადაწყვეტილებაა

„ოთხოზორიას მკვლელის დაპატიმრების შესახებ განცხადება მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი გიგა ოთხოზორიას მკვლელთან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პოლიციის დღევანდელ განცხადებას.
“ეს არის მნიშვნელოვანი განცხადება, თუმცა სრულყოფილი არ არის, რადგან სასამართლოს მიმართავენ, მიიღონ გადაწყვეტილება. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად რთული ვითარებაა აფხაზურ საზოგადოებაში. ერთი თვის განმავლობაში, ყველა მიმართულებით ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა. ეს გადაწყვეტილება იოლად მისაღები არ იყო. რაც არ უნდა დაიბრალონ, ეს აფხაზური საზოგადოების გადაწყვეტილებაა, რომ ამ მკვლელობის მიმართ რეაგირება მომხდარიყო.

ე.წ. სამხედრო პროკურატურა მიმართავს სასამართლოს, რომ ოთხოზორიას მკვლელი დაპატიმრებული უნდა იყოს. ახლა უკვე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საკმაოდ რთული ვითარებაა. მოვუწოდებ ყველას – ვთქვათ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, ასევე უნდა გავითვალისწინოთ აფხაზური საზოგადოების განწყობები, რომელიც აშკარად იცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ დე ფაქტო სამხედრო სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა. არსებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები