მამუკა ხაზარაძე: ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას იხსენებს და მას კატასტროფულს უწოდებს

„თი-ბი-სი ჯგუფის” პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე 2012 წელს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან ბიზნესის წარმომადგენლებთან ბოლო შეხვედრას იხსენებს და აცხადებს, რომ „ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა იყო კატასტროფული“.
ამასთან, მამუკა ხაზარაძემ თავი შეიკავა ვანო მერაბიშვილის შესახებ ვრცლად ესაუბრა, რადგან, მისივე თქმით, იგი მოერიდა ციხეში მყოფ პირზე ესაუბრა.
„2012 წლის ბოლო შეხევდრას გავიხსენებ, როდესაც იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ჩვენ შეგვხვდა „მარიოტში“. ეს იყო აბსოლუტურად კატასტროფული შეხვედრა. არ მინდა, ბევრი ვილაპარაკო ადამიანზე, რომელიც ციხეშია, ეს იყო კატასტროფული შეხვედრა. გახსოვთ ჩემი მასთან დაპირისპირება. ეს არ იყო ბიზნესთან ლაპარაკი, ეს იყო წითელი დირექტორის საუბარი თავის ქვეშევრდომებთან“, – აღნიშნა ხაზარაძემ და დასძინა, რომ, საბედნიეროდ, ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი შეხევდრა იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან.
„მერაბიშვილთან შეხვედრაზე დავინახე, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დაინგრეოდა, რადგან იქ ჩვენ არ გველაპარაკებოდნენ, როგორც ადამიანებს, არც როგორც ბიზნესმენებს. ნახევარზე მეტი დარბაზი იყო ტერორში მოქცეული, ქონებაწართმეული და უბრალოდ თავდაცვის ძალა არ გააჩნდათ. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გვახსოვდეს. ქართველებს გვჩვევია, რაღაცას რომ მივაღწევთ, გვგონია, რომ ეს ასე უნდა იყოს, დამერწმუნეთ, ეს ასე არ უნდა იყოს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
მანვე გაიხსენა თავისი 2013-2014 წლების ინტერვიუ, სადაც აცხადებდა, რომ ქართული ბიზნესი დაიბნა, რადგან ხელმძღვანელი არ ჰყავს და არავინ არაფერს ავალებს.
„ბიზნესი იყო მიჩვეული, შეიძლება კარგი იდეა არსებობს, მოდი, სიღნაღი აღვადგინოთ, რაღაც აღვადგინოთ, მაგრამ რა ფასად უნდა აღადგინო, ეს შენ ბიზნესგეგმაში ჯდება, თუ არ ჯდება და ასე შემდეგ. აქვე მინდა ვთქვა, რომ მე ის ადამიანი არ ვარ ხაზი არ გავუსვა, იმ რეფორმებსაც, რომელმაც შედეგი მოიტანა. ყველაფერი ბნელი და ცუდი არ ყოფილა. რაღაცა კარგიც გაკეთდა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები