ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი პროკურატურას განცხადებით პასუხობს
ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა და ოჯახის ადვოკატებმა გუშინ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამი იყო, რომ კიწმარიშვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო განცხადება გააკეთეს.
პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ისინი ეჭვქვეშ აყენებენ, კერძოდ კი, საუბარია ეროსი კიწმარიშვილის სოციალურ სივრცეში განხორციელებული აქტივობების არასათანადო შესწავლაზე.
ოჯახის ადვოკატების მტკიცებით, დასკვნაში არ მოიპოვება იმ საუბრის ჩანაწერი, რომელიც კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე მის მეგობართან, ალექსანდრე კარკოვთან ჰქონდა, ასევე გაუგებარია, რომელი ვიდეოჩანაწერები დამუშავდა, მაშინ, როდესაც ოჯახისთვის კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს, მხოლოდ სახლიდან გასვლის ვიდეოჩანაწერებია ცნობილი.
„კვირას“ პრესკლუბში ადვოკატებმა სხვა გარემოებებსაც გაუსვეს ხაზი, მათ შორის, საუბარი შეეხო დეტალურ სატელეფონო ამონაწერს, გარდაცვალებამდე, მისი გადაადგილების მარშრუტებს, მანქანის უკანა სავარძელზე ნაპოვნი ტანსაცმელების მიკრონაწილაკებს, ცეცხლსასროლ იარაღს, მანქანაში აღმოჩენილ სისხლის ლაქებს და იმ ფაქტს, რომ გარდაცვალებამდე კიწმარიშვილს სხეულზე და თავზე გარკვეული დაზიანებები შეენიშნებოდა.