სამგორის რაიონის თანამშრომლები ირაკლი შიხიაშვილის მხარდასაჭერად თანამდებობებს ტოვებენ
სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა, რომლებიც თავიანთ პოზიციებზე კონკურსის წესით იყვნენ დანიშნულნი, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც თანამდებობების დატოვება დააანონსეს.
სამგორის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების ხელმძღვანელის, ლევან თანანაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება გამგეობის თანამშრომლებმა საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის მხარდასაჭერად მიიღეს, კერძოდ კი, ისინი შიხიაშვილის საარჩევნო კამპანიაში გეგმავენ ჩართვას და არ სურთ, რომ მათი სახით, ვინმემ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს.
პრესკონფერენციაზე ასევე აღინიშნა, რომ ისინი მკვეთრად ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ჩვენ ვართ კონკურსის წესით დანიშნულები და არ ვართ დროებითი მოვალეობის შემსრულებლები. ვემსახურებით სამგორს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ნებით ვტოვებთ თანამდებობებს და ვუერთდებით ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო კამპანიას იმიტომ, რომ ჩვენი ღია ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში არ ჩაეთვალოს ირაკლი შიხიაშვილს სახელისუფლებო რესურსის გამოყენებაში.
ირაკლი შიხიაშვილმა მის გუნდთან ერთად დაამთავრა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა თვითმმართველობის დონეზე და ახლა დროა, რომ დაასრულოს საპარლამენტო დონეზეც და ამას დავიწყებთ სამგორიდან. გპირდებით, რომ ირაკლი შიხიაშვილი, მის გუნდთან და სამგორელებთან ერთად, ამ ყველაფერს გააკეთებს და ის დაასრულებს “ნაციონალურ მოძრაობას” და ის იქნება ღირსეული ხმა სამგორელებისთვის საქართველოს პარლამენტში. ახლა ყველანი მივდივართ გამგეობაში, რათა განცხადება დავწეროთ”, – განაცხადა თანანაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენცია „კვირას“ პრესკლუბში რამდენიმე წუთი გაგრძელდა.
თანანაშვილის განმარტებით, თანამდებობების დატოვების განცხადებით გამგეობას მათ დღესვე მიმართეს.