აღმაშენებლის გამზირზე ტრანსფორმატორის აალების შედეგად, მუშებმა მე-2-3 ხარისხის დამწვრობა მიიღეს
აღმაშენებლის გამზირზე ტრანსფორმატორის აალების შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.
როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, კლინიკაში 2 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაც სხეულის სხვადასხვა დაზიანება აქვთ მიღებული.
„შემოყვანილია ორი პაციენტი, ერთ-ერთია – 36 წლის, რომელსაც ზედა კიდურების, გულ-მკერდის და სახის დამწვრობა აქვს მიღებული. მას მე-2-3 ხარისხის დამწვრობა აღენიშნება და შოკურ მდგომარეობაშია. იგი მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში.
მეორემ, 41 წლის მამაკაცმა ზემო კიდურების დამწვრობა მიიღო და სხეულის 16-პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნება. იგი მოთავსებულია კლინიკის მოზრდილთა განყოფილებაში. ორივე პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
მისივე თქმით, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარება საშუალოზე მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის გამზირზე, N61 – ში, სადაც ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ტრანსფორმატორს ცეცხლი გაუჩნდა და აალდა, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ტრანსფორმატორს ცეცხლი იმ დროს გაუჩნდა, როდესაც მუშები ძაბვის განაწილებას ახდენდნენ. მუშებმა სხეულის დამწვრობა მიიღეს.