ბიძინა ივანიშვილი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურის ვერსიას იზიარებს
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავარი პროკურატურის ვერსიას იზიარებს.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დასრულებულია და პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ეს არის თვითმკვლელობა.
“გამოძიება დასრულებულია და გადაწყვიტეს, რომ ეს არის თვითმკვლელობა. მწუხარებას გამოვთქვამ და სამძიმარს ვუცხადებოჯახს, მე სხვა არაფერი სათქმელი არ მექნება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რეპლიკაზე იმის შესახებ, რომ კიწმარიშვილის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მათი საქმეა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კავშირი ეროსი კიწმარიშვილს მის ფინანსებთან ივანიშვილმა უპასუხა, რომ არა.
„რა კავშირი უნდა ჰქონოდა ეროსი კიწმარიშვილს ჩემს ფინანსებთან?“, – მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების მტკიცებით, კიწმარიშვილმა თავი მოიკლა.