მანანა ნაჭყებია კორცხელის ინციდენტზე – თუ ვინმეს ბიოლოგიური ზიზღი აქვს ნიკა მელიას მიმართ, ამას თბილისშიც გააკეთებდა

“ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მანანა ნაჭყებია პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნოდ და არჩევნების პერიოდში ძალადობის მუქარა, ან ძალადობა დასჯადი ქმედება გახდება.
ნაჭყებია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ადამიანების დასჯის რეალური პრეცედენტი, რეგულაციები არანაირ შედეგს არ გამოიღებს.
„კორცხელში ადამიანებმა, რომლებმაც სცემეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, გირაოთი გათავისფლდნენ და არანაირი სასჯელი არ მიიღეს, დღეს კი იმუქრებიან, რომ უარესს გააკეთებენ. საგულდაგულოდ დავათვალიერე ეს კადრები, სადაც ჩანს, რომ ეს კუნთმაგარი ადამიანები საგანგებოდ ჩამოიყვანეს, თუმცა არა მათი სურვილით. თუ ვინმეს აწუხებდა „ნაციონალური მოძრაობა“, ის არ დაელოდებოდა კორცხელის არჩევნებს და შეგნებულად ამისთვის იქ არ ჩავიდოდა. თუ ვინმეს ბიოლოგიური ზიზღი აქვს ნიკა მელიას, ან ბოკერიას მიმართ, თბილისშიც შეეძლოთ, ანალოგიური გაეკეთებინათ.
ადამიანი ემოციური არსებაა, მაგრამ ეს ემოციები რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გამოხატოს, კანონმდებლობით აკრძალული აქვს. შენი თავისუფლების გამოხატულება იზრუდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება. თუ ხელისუფლება არ გააცნობიერებს მის პასუხისმგებლობას და თუ ადამიანებს, რომლებიც საარჩევნო უბანზე თავხედობას სჩადიან, არ ეცოდინებათ, რომ დაისჯებიან, არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები შედეგს არ გამოიღებს, მით უმეტეს, რომ არ მგონია, პოლიციის თანდასწრებით არჩევნების ჩატარება სწორი იყოს“,-განაცხადა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები