ვახტანგ ხმალაძე: დეპუტატები ნოტარიუსები არ არიან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ დეპუტატები ნოტარიუსები არ არიან, რომ დოკუმენტი აიღონ, და მისი ხელმოწერის სინამდვილე ისე დაადასტურონ, რომ მის შინაარსში არ ჩაიხედონ.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ვახტანგ ხმალაძემ ეკონომიკის სამინისტროს ის მოთხოვნა არ გაიზიარა, რომელიც „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპულ შეთანხმებასთან შეერთებისა და აღნიშნულ შეთანხმებასთან ერთად, “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონებში ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას ეხება.
მისი განმარტებით, ამ შეთანხმებაზე პასუხისმგებელია ორი უწყება – მთავრობა და პარლამენტი.
„მთავრობა ამბობს, მოდი, გავაკეთოთ რატიფიცირება და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. წარმოდგენილი საკითხი 2 400-გვერდიანია და ჩვენ ის დაჩქარებული წესით უნდა მივიღოთ. გამოდის, რომ პარლამენტი უპასუხისმგებლოდ უნდა მოიქცეს, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია დაჩქარებული წესით 2 400-გვერდიანი დოკუმენტის გადახედვაც კი. რა აუცილებლობის გამო გვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში?!“, – აღნიშნა ხმალაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ აღნიშნა, რომ შეთანხმების და მასთან დაკავშირებული პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის და მიღების აუცილებლობა ევროკავშირის მოთხოვნით არის გამოწვეული, რომელიც დოკუმენტის რატიფიცირებას დიდი ხანია ითხოვს.
ხმალაძე ქავთარაძის საპასუხოდ დაინტერესდა, თუკი ევროკავშირი დიდი ხანია საკითხის რატიფიცირებას ითხოვს, პარლამენტს ის უფრო ადრე რატომ არ წარედგინა.
„ჩვენ ნოტარიუსები არ ვართ, რომ დოკუმენტი ავიღოთ, ხელმოწერის სინამდვილე დავადასტუროთ და მის შინაარსში არ ჩავიხედოთ?! ეს ხომ ასე არ არის? საკითხი მთავრობაში სამი წლის განმავლობაში იხილებოდა, ხოლო პარლამენტმა სამ დღეში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ხო?! საკითხის ასე დასმა, ცოტა უხერხული ხომ არ არის?” , – თქვა ვახტანგ ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები