მერაბ მეტრეველი ბურჭულაძის 65-ათასლარიან ხელფასზე: თვითონ რიცხავს ფულს პარტიაში და მერე თავისი ჩარიცხულიდან უკან მიაქვს ფული ხელფასის სახით?

პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის 65-ათასლარიან ხელფასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის წევრი მერაბ მეტრეველი სისულელეს უწოდებს.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმს“ მეტრეველმა განუცხადა, პარტიის ფინანსებზე ინფორმაცია არ აქვს.
„ეს ინფორმაცია სისულელედ მიმაჩნია. როგორ წარმოგიდგენია, ერთი მხრივ, თვითონ რიცხავს ფულს პარტიაში, რომ სტრუქტურები ჩამოაყალიბოს და მერე თავისი ჩარიცხულიდან უკან მიაქვს ფული ხელფასის სახით? ეს მე დიდ სისულელედ მიმაჩნია.
ეს მე არ მეხება. ფინანსებზე მე არ ვარ პასუხისმგებელი. ის კი ვიცი, რომ ჩვენი ფინანსები გამჭვირვალეა და აუდიტმაც გამოაქვეყნა ფინანსური დეკლარაციები. ინფორმაციები გამოქვეყნდა იმის შესახებ, ვინ რამდენი ჩარიცხა პარტიაში. იწრებოდა, რომ პაატა ბურჭულაძემ 60 ათასი ჩარიცხა, ამდენივე ჩარიცხა მისმა ვაჟმა და ა.შ. როდესაც ფინანსურ გამჭვირვალეობაზე ვსაუბრობდი, სწორედ ამას ვგულისხმობდი.
ერთი რამ ზუსტად ვიცი, როდესაც აუდიტში ჩვენი დეკლარაციების წარდგენა მოგვიწევს, იქ ყველაფერი ღიად იქნება დაფიქსირებული“, – განაცხადა მეტრეველმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები