ირაკლი ალასანია ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროში საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის უწყება ჰოლანდიელ კოლეგებთან თავდაცვის დაგეგმვის პროცესის, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციისა და სამხედრო პოლიციის სფეროებში გაღრმავებული თანამშრომლობას იწყებენ. ირაკლი ალასანიამ ჰოლანდიელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებიც გააცნო. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს, ასევე ქართველი სამხედროების მონაწილეობას ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში, 2014 წლის შემდეგ “გადამწყვეტი მხარდაჭერის” (Resolute Support) მისიასა და 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF). ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზეც.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჰოლანდიელ კოლეგას ჯანინ ჰენის-პლასჩერტს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა განცხადებები გააკეთეს.
„ორმხრივი შეხვედრისას ვისაუბრეთ ჩვენს სამხედრო თანამშრომლობაზე. ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა ჰოლანდიასთან კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახდება. მოვნიშნეთ ის მიმართულებები, რომელიც ორივე მხარისთვის საინტერესო იქნება. ეს არის ასევე, ინსტიტუციური მხარდაჭერა საქართველოსთვის, გამოცდილების გაზიარება სამშვიდობო და საერთაშორისო ოპერაციებში. ჰოლანდია საქართველოს დიდი ხნის კარგი მეგობარია, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ადვოკატი და მხარდამჭერია. ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების გარემოზე ჩვენს რეგიონში, უკრაინასა და ყირიმში განვითარებულ მოვლენებზეც. საქართველოსა და ჰოლანდიას შორის პოზიციების აბსოლუტური თანხვედრაა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის გზით უნდა დარეგულირდეს.
ასევე, გვსურს, რომ მომავალში საქართველოს ინტეგრაცია კიდევ უფრო დაჩქარებული, სწრაფი ტემპებით განხორციელდეს. მადლობას გადავუხდი ჩემს კოლეგას, რომ გვესტუმრა, რომ ის და ჰოლანდია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უპირობოდ უჭერს მხარს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ჯანინ ჰენის-პლასჩერტმა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. ასე რომ, ძალიან მსიამოვნებს თქვენს ქვეყანაში ვიზიტი. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშორმლობის საკითხები განვიხილეთ. ორივე უწყების წარმომადგენელი ვცდილობთ რიგ საკითხებში კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვავითაროთ ორმხრივი თანამშრომლობა. ინტერესის ერთ-ერთი სფერო სამხედრო ოპერაციიდან დაბრუნების შემდეგ, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაა. ჩვენ ასევე, ვთანამშორმლობთ ისეთ საკითხებში, როგორიცაა სპეციალური ოპერაციების ძალებისა და სამხედრო პოლიციის პერსონალის წვრთნა. შეხვედრაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების კუთხით მიღწეული პროგრესიც განვიხილეთ. მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას. ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ანგარიში მიღწეული პროგრესის შესახებ განიხილება და საჯარო ივნისში გახდება. როგორც ვიცი, ანგარიშის გამოცემამდე კიდევ რამდენიმე შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ვისაუბრეთ საერთაშორისო სიტუაციაზეც. მინდა ვთქვა, რომ ყველა გამოწვევას პოლიტიკური დიალოგის საფუძველზე გადავლახავთ. მაგრამ, ჩვენ ყველას ერთად მუშაობა გვმართებს. ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ნატოსა და ალიანსის პარტნიორ ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაა, რათა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები და შეკავების ფუნქცია. ვფიქრობ, ყველა ჩვენთაგანისთვის ეს მკაფიო გზავნილია რეგიონში“, – განაცხადა ჰენის-პლასჩერტმა.

10001198_748758558490222_1686271520_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები