“იმედის” საქმეზე მაია თაბაგარი და ჯონი კალანდაძე დაიკითხნენ

ტელეკომპანია “იმედის” საქმეზე მაია თაბაგარი და ჯონი კალანდაძე დაიკითხნენ. ბრალდებულების პროცესზე საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მაია თაბაგარმა ბადრი პატარკაციშვილის პერიოდის “იმედზე” ისაუბრა და განაცხადა, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში არავინ ერეოდა, საინფორმაციო კი დაბალანსებული და ობიექტური იყო.
მისივე ჩვენებით, 2006 წელს სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასულმა სიუჟეტმა მაშინდელი ხელისუფლების ღია ბოიკოტი გამოიწვია. ისინი თოქშოუებში სტუმრად აღარ მიდიოდნენ და ტელეკომპანიას ტოქშოუების გაკეთება ცალმხრივად უწევდა.
მაია თაბაგარმა 2007 წლის ნოემბრის აქციების გაშუქებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის პროტესტს ობიექტურად აშუქებდნენ, თუმცა რამდენიმე დღეში, მას შემდეგ რაც აქციებმა აქტუალობა დაკარგა, აქციების ტრანსლირებას უწყვეტ რაჟიმში აღარ აპირებდნენ, რომ არა რუსთაველის გამზირზე 7 ნოემბრის დარბევა.
“რუსთაველზე მომუშავე ჩვენი ჟურნალისტების მხრიდან არანაირი მოწოდება არ ყოფილა. ტელეკომპანიაში დაბრუნებულმა ჟურნალისტებმა გაგვაცნეს სპეცრაზმელების სიტყვები, რომ რუსთაველის ეპიზოდი ჟურნალი იყო, კინო კი საღამოს იქნებოდა”,- განაცხადა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.
მისივე ჩვენებით, დარბევიდან რამდენიმე დღეში შეხვდნენ პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს.
“ნინო ბურჯანაძეს 8 ნოემბრის ცნობილი განცხადების გამო ვუსაყვედურეთ. როგორც მან გვითხრა, დაარწმუნეს, რომ ჟურნალისტები შეთქმულების მსხვერპლი იყვნენ. დარბევით გათიშვის წინააღმდეგი ვიყავიო, თუ საჭირო იყო, კაბელების გადაჭრა უნდა მომხდარიყოო. ახლაც მახსოვს, გადაჭრის შესაბამისი ხელის მოძრაობაც გააკეთა”,- განაცხადა თაბაგარმა.
მისივე განმარტებით, განახლებული „იმედის“ მაუწყებლობა ახალი მფლობელის პირობებში შეცვლილი იყო. თვითონ და არხის გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი კი, მანამდე ახალი მფლობელის წარმომადგენელის, გიორგი ისაკაძის თხოვნის შემდეგ სამსახურიდან წავიდნენ.
“ისაკაძესთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებდა. მითხრა, ძალიან მერიდებაო, მაგრამ ზემოდან მთხოვეს, თქვენ „იმედში“ აღარ უნდა მიხვიდეთო. 2008 წელს ამ შეხვედრის შემდეგ „იმედში” აღარ მივსულვარ. ტელევიზიაში 2013 წელს დავბრუნდი”, – განაცხადა თაბაგარმა.
„ქრონიკის“ პროდიუსერის, ჯონი კალანდაძის ჩვენებით ფიზიკურ ანგარიშსწორებას 7 ნოემბერს იმის გამო გადაურჩა, რომ მისი მეუღლე დიანა ტრაპაიძე 9 თვის ორსული იყო.
“სპეცრაზმელებს მისთვის ძირს დაწოლა არ უბრძანებიათ. ჩემზე უთხრეს, რომ მეუღლე ვიყავი და უფლება მოეცათ, გამეყვანა. ამტვრევდნენ ხელკეტებით მონიტორებს, ჭრიდნენ კაბელებს, აზიანებდნენ ტექნიკას”,- განაცხადა ჯონი კალანდაძემ.
პროცესი 4 ივლისს ბრალდების მოწმეების, კვლავ ტელევიზიის თანამშრომლების დაკითხვით გაგრძელდება. „იმედის“ საქმეზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები