გიორგი კვირიკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვია. როგორც „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის დროს გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. მხარეები საქართველო–გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომრომლობის საკითხებს და რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრი და გერმანიის ფედერალური კანცლერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ– ვალტერ შტაინმაიერს, განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრს იოჰანა ვანკას, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ რიოტგენს.
„ფრიდრიხ ებერტის“ ფონდში საჯარო გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ისაუბრებს საგარეო პოლიტიკაზე- ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე. გიორგი კვირიკაშვილი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს, თემაზე ,,საქართველოს ევროპული გზა”. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები