პრემიერი ყატარის დელეგაციას შეხვდა

  ყატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი 20 წამყვანი კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყატარის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა. მან სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ახლო მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო მჭიდრო და მრავლისმომცველი გახდება.
პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო საკითხებზე მსჯელობას. პრემიერმა ყატარის დელეგაციას ქართული საინვესტიციო გარემო გააცნო. მისი განცხადებით, საქართველო ინვესტიციით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა კომპანიას სთავაზობს ბიზნესშესაძლებლობების ფართო არჩევანს ქვეყნის ისეთ სწრაფად მზარდ სექტორებში, როგორიცაა: ჰიდროენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და უძრავი ქონება, მრეწველობა, რეგიონალური სერვისების ჰაბი, ლოგისტიკა. მანვე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოსა და ლიბერალურ საგადასახადო სისტემაზე. ამასთან, ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ და ხელსაყრელ ადგილმდებარეობას. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ყატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი 20 წამყვანი კომპანიის მაღალი რანგის წარმომადგენლები. დელეგაციას ხელმძღვანელობს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი და ყატარში ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, „Al Baida Group“-ის თავმჯდომარე ალი ალ მისნადი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები