1957 წელი, კიშტიმის კატასტროფა — გასაიდუმლოებული ბირთვული ავარია საბჭოთა კავშირში
1957 წლის 29 სექტემბერს რუსეთში, ჩელიაბინსკ-40-ის სახელით ცნობილ დახურულ ქალაქთან (რადგან ქალაქის სახელს მალავდნენ, მსოფლიოსთვის ეს ტრაგედია „კიშტიმის კატასტროფის“ სახელით გახდა ცნობილი) ახლოს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბირთვული ავარია. ქალაქი, რომელსაც დღეს ოზიორსკი ჰქვია, საბჭოთა ბირთვული პროგრამის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს წარმოადგენდა. იქ მდებარეობდა ქარხანა „მაიაკი“, სადაც ბირთვული იარაღისთვის პლუტონიუმს ამზადებდნენ და რადიოაქტიურ ნარჩენებს ინახავდნენ.
ავარია მოხდა არა რეაქტორში, არამედ ბირთვული ნარჩენების საცავში. გაგრილების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო, მაღალი რადიოაქტიური სითხის შემცველი მიწისქვეშა რეზერვუარი გადახურდა, ეის შედეგადაც მოხდა ქიმიური აფეთქება, რომელმაც ატმოსფეროში დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერებები გამოტყორცნა. აფეთქების სიმძლავრე ასობით ტონა ტროტილის ეკვივალენტი იყო.
რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაუარა უზარმაზარ ტერიტორიას. დაბინძურდა ასობით კილომეტრის სიგრძის ზონა, სადაც ათეულობით სოფელი მდებარეობდა. სხვადასხვა შეფასებით, დასხივების ქვეშ მოექცა ასიათასობით ადამიანი.

ყველაზე მძიმე ის გახლდათ, რომ მოსახლეობას არაფერი უთხრეს არც აფეთქებისა და არც რადიოაქტიური საფრთხის შესახებ. ადამიანები აგრძელებდნენ ჩვეულებრივ ცხოვრებას — სვამდნენ დაბინძურებულ წყალს, ამუშავებდნენ მიწას, ძროხებს აძოვებდნენ რადიოაქტიურ მინდვრებზე, ბავშვები თამაშობდნენ მდინარეებში, რომლებიც ბირთვული ნარჩენებით იყო გაჟღენთილი…
ევაკუაცია დაიწყო მხოლოდ რამდენიმე დღის, ზოგ შემთხვევაში კი, კვირებისა და თვეების შემდეგ. ისიც ნაწილობრივ და ჩუმად. ზოგიერთ სოფელს, უბრალოდ, რუკიდან შლიდნენ და მოსახლეობას სხვა ადგილებში ახსნა-განმარტების გარეშე ასახლებდნენ.
დასხივების შედეგები სწრაფად გამოვლინდა. მკვეთრად გაიზარდა კიბოს, ლეიკემიისა და გენეტიკური დაზიანებების შემთხვევები. ექიმებს ავალდებულებდნენ, დიაგნოზებში არ ეხსენებინათ რადიაცია. ოფიციალურ დოკუმენტებში ჩნდებოდა ბუნდოვანი ფორმულირებები — „უცნობი წარმოშობის დაავადება“, „სისხლის სისტემის დარღვევა“, „ზოგადი სისუსტე“ და ა.შ.

კიშტიმის კატასტროფა სახელმწიფო საიდუმლოდ გამოცხადდა. საბჭოთა კავშირში მასზე საუბარი აკრძალული იყო. არც ადგილობრივ პრესაში, არც სამეცნიერო ჟურნალებში, არც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეს ინფორმაცია არ ხვდებოდა. დასავლეთმა ავარიის შესახებ ეჭვის გამოთქმა დაიწყო, თუმცა სრული სურათი ათწლეულების განმავლობაში უცნობი რჩებოდა.
მხოლოდ 1970-იან წლებში ბიოლოგმა და დისიდენტმა, ჟორეს მედვედევმა პირველად გაამხილა კატასტროფის მასშტაბი დასავლურ მედიაში. საბოლოოდ, ავარია ოფიციალურად აღიარეს მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა არქივების ნაწილი დეკლასიფიცირდა და საერთაშორისო ექსპერტებს ტერიტორიის შესწავლის საშუალება მიეცათ.
დღეს კიშტიმის კატასტროფა აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბირთვული ავარია მსოფლიოში და ჩერნობილამდე მომხდარი ყველაზე სერიოზული შემთხვევა