ირანი, სუვერენიტეტი და ისტორიული გამოცდები; უცხოური ჩარევებიდან საზოგადოებრივ გამძლეობამდე – ირანის ელჩი საქართველოში განცხადებას ავრცელებს
ირანი, სუვერენიტეტი და ისტორიული გამოცდები; უცხოური ჩარევებიდან საზოგადოებრივ გამძლეობამდე – ამ სათაურით ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი ყომი წერილს აქვეყნებს, რომელსაც საელჩო ავრცელებს. “კვირა” ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“კითხვა „ირანზე განხორციელებული უცხოური თავდასხმების“ შესახებ და მათი განმეორების მიზეზი არ ახალია. ეს კითხვა ირანელთა ისტორიულ მეხსიერებაში, სულ მცირე 110-წლიან პერიოდში, არაერთხელ და არაერთგვაროვან კონტექსტში განმეორებულა, თუმცა თითქმის ყოველთვის მსგავსი მოდელებით. ამ მოდელების გაანალიზება აუცილებელია არა მხოლოდ წარსულის ხელახალი წაკითხვისთვის, არამედ დღევანდელი ვითარებისა და ჩვენ წინ არსებული გზის აღსაქმელად.
გასული საუკუნის განმავლობაში ირანმა იწვნია რამდენიმე უცხოური ჩარევა და ოკუპაცია. პირველი მსოფლიო ომის დროს ქვეყნის საზღვრები შეილახა, სუვერენიტეტი დაირღვა და ტერიტორიები ოკუპირებულ იქნა. ცენტრალური მთავრობის სტრუქტურა იმდენად შეირყა, რომ ადმინისტრაციული უწყებები თეირანიდან საზღვრისპირა ქალაქებში გადაიტანეს. ამ ოკუპაციის შედეგი მხოლოდ ტერიტორიული ზიანი არ ყოფილა; მან რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიწვია არასტაბილურობა, ქაოსი და მმართველი ინსტიტუტების მოშლა, რაც საბოლოოდ ყაჯართა დინასტიის დაცემით დასრულდა.
მეორე მსოფლიო ომის დროსაც იგივე თავდასხმისა და აგრესიის მოდელი განმეორდა. ირანი ამჯერად დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის ძალებმა დაიკავეს, ხოლო მოქმედი მონარქი ტახტიდან არა საკუთარი გადაწყვეტილებით, არამედ უცხოური ძალების პირდაპირი ზეწოლით გადადგა. ამ ისტორიულმა გამოცდილებამ პრაქტიკულად შეაჩერა მონარქისტული მოძრაობები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა მონარქისტთა შორის უცხოურ ძალებზე დამოკიდებულება, ახალი ფორმებით, დღემდე გრძელდება, რაც ჩანს მათ მავედრებელ განცხადებებსა და უსაფუძვლო იმედებში, თითქოსდა უცხოური დახმარებით შესაძლებელი იყოს მონარქიის აღდგენა.
ამ მოვლენებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ირან-ერაყის ომს. თითქმის 3000-დღიანი უწყვეტი ბრძოლების შედეგად, რომელიც დაახლოებით 1200 კილომეტრზე გადაჭიმული საზღვრის გასწვრივ მიმდინარეობდა და თან ახლდა უპრეცედენტო მასშტაბის სახმელეთო ოპერაციები, ირანმა რეგიონში მე-20 საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ტრადიციული ომი იწვნია. მრავალი ქალაქი ოკუპირებული იყო, ინფრასტრუქტურა დაზიანდა, თუმცა ის, რაც ამ ომს წინა ოკუპაციებისგან განასხვავებდა, მისი „თავდაცვითი ხასიათი“ იყო — თავდაცვა, რომელიც დამოკიდებულებაზე კი არა, ღირსებაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, დამოუკიდებლობასა და ეროვნულ სუვერენიტეტზე იყო დაფუძნებული.
1979 წლის რევოლუციის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ეს მოდელი ახალ ეტაპზე გადაიყვანა: მონარქიის დასრულებასა და ახალი პოლიტიკური წესრიგის დამკვიდრებას თან ახლდა სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაფართოება. მრავალფეროვანი არჩევნები — ადგილობრივი საბჭოებიდან დაწყებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩათვლით — საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრების მდგრად ნაწილად იქცა. სოციალური, რელიგიური, ენობრივი და კულტურული განსხვავებების მიუხედავად, ორგანიზებული და რეგულარული ჩართულობა გაგრძელდა და ჩამოყალიბდა პოლიტიკური აქტივობის და ინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელოვანი გამოცდილება.
ეს ისტორიული გამოცდილება დღესაც ნათლად იჩენს თავს ახალი კრიზისების წინაშე. თორმეტდღიანი ომისა და შემდგომი შიდა დესტაბილიზაციის მცდელობების დროს, გარედან დახატული სურათი მოახლოებულ კოლაფსს წარმოაჩენდა. თუმცა ქვეყნის შიგნით საზოგადოებამ განსხვავებული რეაქცია აჩვენა: სამოქალაქო, დეცენტრალიზებული და სპონტანური ორგანიზებულობა, კლასიკური ხელმძღვანელობის გარეშე, სუვერენიტეტის, ტერიტორიის და მიწა-წყლის დასაცავად.
ეს რეაქცია გახლდათ არა თანამედროვე აღჭურვილობის შედეგი, არამედ სოციალური კაპიტალისა და ისტორიული მეხსიერების ნაყოფი. საზოგადოება, რომელმაც ისწავლა, რომ დამოკიდებულება უსაფრთხოებას არ ქმნის, და გამოცადა, რომ შიდა ინსტიტუციონალიზაცია მდგრადობის ერთადერთი საწინდარია. უთანასწორობებისა და ნაკლოვანებების პირობებშიც კი, სოციალური ერთიანობა „დამოუკიდებლობის“ კონცეფციის ირგვლივ ჩამოყალიბდა.
ამავე კონტექსტში გააქტიურდა უცხოეთიდან მართული დესტაბილიზაციის კამპანიებიც: ძალადობრივი ქსელების ორგანიზებიდან და იარაღის გადატანიდან დაწყებული, ფინანსური და სადაზვერვო მხარდაჭერით დასრულებული იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ქალაქში განხორციელებულ ძალადობას სამოქალაქო პროტესტის საფარქვეშ ავითარებდნენ. ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობამ და ისეთი მეთოდების გამოყენებამ, რომლებიც ექსტრემისტულ ჯგუფებს, მათ „ისლამური სახელმწიფოს“ ახასიათებს, ცხადყო, რომ მიზანს არა რეფორმების განხორციელება, არამედ ირანის სოციალური ერთიანობის დაშლა წარმოადგენდა; ეს მიზანი კი საბოლოოდ დასავლეთ აზიის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთელი რეგიონის უსაფრთხოების შესუსტებას გამოიწვევს.
ამ მცდელობების შიდა წარუმატებლობამ ზოგიერთი გარე მოთამაშე რეგიონული მასშტაბის კრიზისის გამწვავებაზე დააფიქრა; აქცენტი კეთდება ფართო „ჰარტლენდზე“ და მის სასიცოცხლო რესურსებზე. ასეთი მიდგომის შედეგები მხოლოდ ირანით არ შემოიფარგლება; ის სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის მეზობელი ქვეყნების ვაჭრობას, ეკონომიკურ სტაბილურობასა და სოციალურ უსაფრთხოებასაც.
თუმცა ამ რეგიონის ისტორიული გამოცდილება მკაფიო გზავნილს ატარებს: უცხოური ჩარევები, რამდენადაც მოკლევადიან პერსპექტივაში დამანგრეველია, გრძელვადიან პერიოდში მდგრად წინააღმდეგობას აწყდება. როგორც პროფესორმა მოჰამად რეზა შაფიი ქადქანიმ მოხდენილად აღნიშნა, ირანი ფენიქსის მსგავსია, რომელიც მრავალჯერ წამომდგარა ფერფლიდან და ყოველ ჯერზე უფრო ძლიერი გამხდარა.
ომი, უდავოდ, ანადგურებს ინფრასტრუქტურას, თუმცა ამავე დროს ქმნის იდენტობას, რომელშიც მიწა-წყლის და საზღვრების დამცველები არასოდეს დანებდებიან. ამ ქვეყნის ხანგრძლივ ისტორიაში სწორედ ხალხი და კულტურებია ის, რაც რჩება; დამპყრობლები კი, რა სახელითა დროშითაც არ უნდა მოვიდნენ, საბოლოოდ მიდიან.
მოკლედ შევაჯამოთ ეს ისტორიული გამოცდილება: უცხოელებზე დამოკიდებულება ასუსტებს მმართველობასა და ეროვნულ სტაბილურობას; მაშინ როცა მოქალაქეთა უწყვეტი ჩართულობა, ინსტიტუციონალიზაცია და სოციალური ერთიანობის შენარჩუნება სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძირითადი საყრდენებია. გარე არასწორი აღქმების გამოსწორება და სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერება გარდაუვალი აუცილებლობაა; თუმცა ამაზე მეტად მნიშვნელოვანია დაყრდნობა იმავე კაპიტალზე, ანუ საზოგადოებაზე, რომელმაც ირანი არაერთხელ გამოატარა ისტორიის მძიმე გამოცდებს და რომელმაც იცის, როგორ იდგეს მტკიცედ,”- განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოჯანი ყომმა.