სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება წმინდა სინოდებისადმი მიმართვას ავრცელებს

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება ადგილობრივი ეკლესიების საჭეთმპყრობლებისა და წმინდა სინოდებისადმი მიმართვას ავრცელებს. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული მიმართვის თანახმად, სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესია ახალ რეგლამენტს უპრეცედენტოს უწოდებს, რომელიც, მათი მოსაზრებით, კრებაში მონაწილე მღვდელმთავართა უთანასწორობაში გამოიხატება. სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას მიაჩნია, რომ საორგანიზაციო კრების გათვალისწინებით, კრება ერთ ადამიანზე ხდება დამოკიდებული.
„წმინდა და დიდი კრების მუშაობის საორგანიზაციო რეგლამენტის საკითხთან მიმართებაში მიგვაჩნია, რომ შემოღებულია მართლმადიდებელი ეკლესიის კრებებისთვის ამ დრომდე უპრეცედენტო და უცხო პრაქტიკა, რომელიც უთანასწორობაში და კრებაში მონაწილე მღვდელმთავართათვის თანაბარი უფლებების არქონაში გამოიხატება. ისტორიაში ჯერ არავის დაუდგენია და წინასწარ არ განუსაზღვრავს კრების მუშაობის რეგლამენტი – ამას ახორციელებდა კრებითობის საწყისებზე თავად წმინდა კრება. შეიძლება შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ კრების მოწვევისა და მისი თავმჯდომარეობის ცნობილი „უფლებების“ ხაზგასმით, კრება დამოკიდებული ხდება ერთ ადამიანზე, თუნდაც რომ ის იყოს პირველი პირი. წმინდა პავლე მოციქული კი ამბობს: „პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გავრცელებული განცხადების მიხედვით, სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესია ხაზს უსვამს და მიიჩნევს – იმის გათვალისწინებით, რომ ავტოკეფალურ ეკლესიებს შორის ევქარისტიული კავშირის საკითხს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მართლმადიდებლური ეკლესიის მისიისთვის მსოფლიოში, მიგვაჩნია, რომ საჭიროა ავტოკეფალიის თემის განხილვა, რასაც მუდამ უცვლელად მოითხოვს ჩვენი ეკლესია.
ამ კრებას აქვს საკმარისი საღვთისმეტყველო და სამოძღვრო უფლებამოსილება, რათა მოახდინოს კონსტატაცია, რომ დღეისთვის არსებობს თოთხმეტი ავტოკეფალური ეკლესია და ეს საკმარისია, რათა დამტკიცდეს მათი სტატუსი. სრულებით გამართლებულად და მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ წმინდა და დიდ კრებაზე მივიღოთ და განვაცხადოთ ის, რაც ათწლეულების განმავლობაში შემუშავდა“, – აღნიშნულია სერბეთის განცხადებაში.
მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე, 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები