„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში კვლავ ცვლილებები იგეგმება

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში კვლავ ცვლილებები იგეგმება. ცვლილებების მიხედვით, იმ მოსამართლეთა დანიშვნა-არჩევის ვადები იზრდება, რომელთაც უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გაუვათ.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვენეციის კომისიამ იმ ცვლილებებზე უკვე იმსჯელა, რომელიც პარლამენტმა მიიღო და დადებითი შეფასება მისცა კონსენსუსს, რომელიც მიღწეული იქნა პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართვით – პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის.
“ვენეციის კომისიამ ამ კომპრომისს გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება უწოდა. კომისიამ დასკვნას კენჭი უყარა, რომელიც გამოქვეყნდება. დასკვნაში პოზიტიური შეფასებებია და ასევე მოწოდებაა, რომ კანონმდებლობაზე მუშაობა გაგრძელდეს და პარლამენტმა სხვა დამატებით ცვლილებებზეც ერთობლივი მუშაობის გაგრძელება უზრუნველყოს. მათ შორის, ვენეციის კომისიამ დადებით ტონალობაში მიუთითა, რომ კარგი იქნება, თუკი მოსამართლის არჩევის ვადასთან დაკავშირებით ვაკუუმი არ იქნება შექმნილი იმ შემთხვევაში, როცა მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა იწურება და პარლამენტს, პრეზიდენტს, სასამართლოს ერთთვიანი ვადა აქვთ, როცა ახალი წევრი უნდა აირჩიონ“, – აცხადებს ბესელია.
დეპუტატის თქმით, ვენეციის კომისიას აქვს მოსაზრება, რომ ამ კუთხით შეიძლება მუშაობის გაგრძელება.
”ამიტომ, ვეხმიანები რა ამ განწყობას და სწორედ იმიტომ, რომ გვინდა, მაქსიმალური ჩართულობით ეს საკითხიც დავარეგულიროთ ისე, რომ რაიმე კითხვის ნიშანი მოიხსნას, შემიძლია, დავადასტურო, რომ პროექტი, რომელიც გულისხმობს ახალი მოსამართლის არჩევის ერთთვიანი ვადის დადგენას, ნაცვლად ერთი თვისა, 3-თვიანი ვადა იყოს. პარლამენტს, პრეზიდენტსა და სასამართლოს უფრო ხანგრძლივი ვადა ექნებათ, რომ ახალი წევრი დანიშნონ ან აირჩიონ, რომელსაც 10-წლიანი ვადა გაუვიდა. ამ ინიციატივისთვის მზად ვართ და ამ განხილვაში დაინტერესებულ პირებს ვიწვევთ, რომ ჩაერთონ. ამით კითხვები – ხომ არ შეიქმნება, რაიმე ვაკუუმი ახალი მოსამართლის არჩევასა და მოსამართლის უფლებამოსილების შეჩერებას შორის, მოხსნილი იქნება“, – განაცხადა ბესელიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები