თბილისს ხვალ 4 დღიანი ვიზიტით ყატარის ბიზნეს დელეგაცია ეწვევა
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მოწვევით თბილისს ხვალ ყატარის ბიზნეს დელეგაცია ეწვევა. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო საქართველოში ყატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლებს 1-4 აპრილს უმასპინძლებს.
დელეგაცია 20 წამყვანი კომპანიის წარმომადგენლისგან შედგება ისეთი ბიზნეს სექტორებიდან, როგორებიცაა: ტურიზმი და უძრავი ქონება, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა, საბანკო-საფინანსო და სხვ. საქართველოში ისინი სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობათა შესწავლის მიზნით ჩამოდიან.
დელეგაციას ყატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი და ყატარში ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, Al Baida Group-ის თავმჯდომარე ალი ალ მისნადი უხელმძღვანელებს.
ხვალვე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის წევრების შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შემდეგ დელეგაციის წევრებს ექნებათ საქმიანი შეხვედრები ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. ყატარელ ბიზნესმენებს ასევე შეხვდებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი, შალვა ფიფია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.
ვიზიტის ფარგლებში, ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს ორმხრივ B2B შეხვედრებს, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას.
დელეგაციის წევრები ასევე სხვადასხვა ქართულ საწარმოებს მოინახულებენ, როგორებიცაა “ბარამბო” და “კულა”, სადაც გაეცნობიან საქართველოში საკვების წარმოება/გადამუშავების სექტორში წარმატებულ კომპანიებს. ვიზიტის დასრულებისას დელეგაციის წევრები გაემგზავრებიან ბათუმში, სადაც ადგილზე გაეცნობიან საქართველოს მთავარ საზღვაო კურორტზე ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს.